ირანში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს გასამხედროებულ ჯგუფს

საილუსტრაციო ფოტო: ირანის უშიშროების ძალები დეშთაშში. 16 სექტემბერი, 2023 წელი

17 სექტემბერს ირანის სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ ცნობას, რომ ქვეყნის სამხრეთის ქალაქ ნურაბადში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს უშიშროების ძალებს - გასამხედროებული რაზმის, „ბასიჯის“ ჯგუფს და მოკლეს მისი ერთი წევრი, სამი კი დაჭრეს.
ადგილობრივი მედია არ იტყობინება, რა იყო იმ სროლის მოტივი, რომელიც მოხდა 16 სექტემბერს, მაჰსა ამინის, თეირანში, საპატიმროში ერთი წლის გარდაცვლილი ქურთი ქალის სიკვდილის წლისთავზე. არ არის ცნობილი, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ამინის სიკვდილის წლისთავს და მაშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს.
ოფიციალური სააგენტო IRNA-ს ცნობით, „ბასიჯზე“ თავდასხმა მოხდა ქალაქში, რომელიც მდებარეობს თეირანიდან 630 კილომეტრში, ქვეყნის სამხრეთში.
სააგენტო იტყობინება კიდევ ერთი სისხლიანი ინციდენტის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ირანის ქურთისტანში, ქალაქ საყეზთან, საიდანაც მაჰსა ამინი იყო. აქ უშიშროების ძალებმა ესროლეს და დაჭრეს კაცი, რომელიც პოლიციის მიერ შემოსაზღვრულ ზონაში შევიდა. ცნობაში არაფერია ნათქვამი დაჭრილის მდგომარეობაზე. ქურთთა უფლებადამცავი ჯგუფი „ჰანგავი“ იტყობინება, რომ დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. სააგენტო Fars-ის თანახმად კი, მდგომარეობა სტაბილურია.
16 სექტემბერს ერთი წელი შესრულდა ირანელი ქურთი ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილიდან. იგი თავსაფრის არასწორად ტარების გამო დააკავეს და საპატიმროში გარდაიცვალა. ამას ირანში მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც ხელისუფლებამ სასტიკად დაახშო.
16 სექტემბერს, ამინის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, უშიშროების ძალებმა დაღუპული ქალის ოჯახს აუკრძალეს წლისთავის აღნიშვნა. ირანის ქალაქებში მთავრობამ გამოიყვანა უშიშროების ძალების არნახული რაოდენობა. იტყობინებიან დაპატიმრებების შესახებ სხვადასხვა ქალაქში.