ირანში დააკავეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი „არეულობის მოწყობისა და საბოტაჟის მცდელობის“ ბრალდებით

ირანის ნახევრადოფიციალური სააგენტო „თასმინი“ იტყობინება, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დააკავა ორმაგი მოქალაქეობის მქონე ირანელი, რომელიც ეჭვმიტანილია არეულობის მოწყობისა და საბოტაჟის მცდელობაში.
სააგენტოს თანახმად, დაკავებულს უპოვეს რამდენიმე მობილური ტელეფონი და მნიშვნელოვანი თანხა დოლარებში. არსებული ცნობით, ის დააკავა კორპუსის სადაზვერვო ქვეგანყოფილებამ ქალაქ ქარაჯიში.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი დააკავეს იმ დროს, როცა ირანი აპირებს გაათავისუფლოს ხუთი პირი, აშშ-ის ირანული წარმოშობის მოქალაქეები. მათი გათავისუფლება იგეგმება ვაშინგტონთან კატარის შუამავლობით მიღწეული მორიგების ჩარჩოში, რომლის თანახმად, სანაცვლოდ მოხდება ხუთი ირანელის გაშვება ამერიკის საპატიმროდან და მოიხსნება აკრძალვა თეირანის აქტივებზე, ექვს მილიარდ დოლარზე, რომლიც სამხრეთ კორეაში ინახება. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Reuters-ი.
16 სექტემბერს ერთი წელი შესრულდა ირანელი ქურთი ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილიდან, როცა ის თავსაფრის არასწორად ტარების გამო დააკავეს და საპატიმროში გარდაიცვალა. ამას ირანში მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც ხელისუფლებამ სასტიკად დაახშო.
16 სექტემბერს, ამინის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, უშიშროების ძალებმა დაღუპული ქალის ოჯახს აუკრძალეს წლისთავის აღნიშვნა. ირანის ქალაქებში მთავრობამ გამოიყვანა უშიშროების ძალების არნახული რაოდენობა. იტყობინებიან დაპატიმრებების შესახებ სხვადასხვა ქალაქში.