ბრიტანეთის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, ბოლო დღეებში "გააძლიერეს თავდაცვა" ოკუპირებული ტოკმაკის გარშემო.
როგორც დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რუსეთის არმია ქალაქის ირგვლივ ათავსებს დამატებით საგუშაგოებსა და ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციებს, ასევე თხრის ახალ სანგრებს.
„ტოკმაკი, ალბათ, იქცევა რუსეთის თავდაცვის მეორე ხაზის ბირთვად. ქალაქის თავდაცვის გაძლიერება, სავარაუდოდ, მიუთითებს რუსეთის მზარდ შეშფოთებაზე, რასაც იწვევს უკრაინის ჯარების ტაქტიკური შეღწევა ჩრდილოეთის მიმართულებით თავდაცვის პირველი (მთავარი) ხაზის გავლით“, - წერს ბრიტანეთის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო.
ტოკმაკი მდებარეობს ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში.
ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება "ტავრიის" მეთაურმა ალექსანდრ ტარნავსკიმ დაადასტურა, რომ განაღმვის ერთკვირიანი მძიმე სამუშაოს შემდეგ, უკრაინულმა ჯარებმა გაარღვიეს თავდაცვის პირველი ხაზი ზაპოროჟიეს ოლქში. გენერლის თქმით, მომავალში უფრო სწრაფი წარმატებებია მოსალოდნელი, რადგან რუსული ჯარების მეორე ხაზი უფრო სუსტია.
სექტემბრის დასაწყისში თეთრი სახლის სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს „გარკვეულ წარმატებებს რუსეთის თავდაცვის მეორე ხაზის მიდამოებში“.