კიმ ჩენ ინმა რუსეთში ვიზიტი საავიაციო ქარხნის მონახულებით დაასრულა

კიმ ჩენ ინი იური გაგარინის სახელობის საავიაციო ქარხანაში. კომსომოლსკ-ნა-ამურე, 15 სექტემბერი, 2023.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ეწვია სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის ქარხნებს კომსომოლსკ-ნა-ამურეში და დაასრულა ვიზიტი რუსეთში. ამის შესახებ ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორმა მიხაილ დეგტიარევმა განაცხადა.

მისი თქმით, კიმ ჩენ ინი ეწვია გაგარინის სახელობის საავიაციო ქარხანას კომსომოლსკ-ნა-ამურეში, სადაც იწარმოება Su-35 და Su-57 გამანადგურებლები. გარდა ამისა, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი გაეცნო SJ-100 სამოქალაქო თვითმფრინავების წარმოებას საწარმო „იაკოვლევში“. კომსომოლსკ-ნა-ამურედან კიმ ჩენ ინი დაჯავშნილი მატარებლით გაემგზავრა ფხენიანში.

კიმ ჩენ ინი რუსეთში 13 სექტემბერს ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის. იგი ეწვია კოსმოდრომ „ვოსტოჩნის“, სადაც გაეცნო კოსმოსური მზიდი რაკეტების გამშვებ ინფრასტრუქტურას.

მოლაპარაკებებზე კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ფხენიანს სურს ურთიერთობების განვითარება, რადგან ის ყოველთვის მხარს უჭერდა „პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი უარს იტყვის ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებზე. მისი სიტყვებით, სანქციები „სრულიად განსხვავებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში იქნა მიღებული“. მოლაპარაკების დახურულ ნაწილში მონაწილეობა მიიღო რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმაც.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პუტინთან აპირებს შეიარაღების სფეროში თანამშრომლობის განხილვას. მოსკოვი და ფხენიანი სავარაუდოდ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ჩრდილოეთ კორეის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე რუსეთისთვის, რათა ისინი უკრაინაში მიმდინარე ომში იქნეს გამოყენებული. საბრძოლო მასალის სანაცვლოდ მოსკოვს შეუძლია ფხენიანს შესთავაზოს მარცვლეული, ნავთობი, სამხედრო ტექნიკა და უცხოური ვალუტა. რუსეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს ჩრდილოკორეელი შრომითი მიგრანტები და ისინი ოკუპირებული დონბასის აღსადგენად გაგზავნონ.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა იარაღის შესაძლო მიწოდების კომენტირებისას თქვა, რომ რუსეთი დაამყარებს ურთიერთობებს თავის მეზობლებთან, როგორც ეს „სასარგებლო იქნება მისთვის და მისი მეზობლებისთვის“. მისი თქმით, შესაძლებელია „მგრძნობიარე სფეროებში“ ურთიერთქმედება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მესამე მხარის შეშფოთების საგანი.

2023 წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთმა კორეამ თხუთმეტამდე რაკეტის გაშვება განახორციელა. 2022 წლის განმავლობაში ჩრდილოეთმა კორეამ სხვადასხვა დიაპაზონის 70-მდე რაკეტა გაუშვა. ამ წვრთნების დროს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა სისტემატურად უშვებდა რაკეტებს იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიმართულებით. ასევე 2023 წელს ჩრდილოეთმა კორეამ სცადა სამხედრო თანამგზავრის გაშვება და აწარმოებდა ტაქტიკური ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავის გამოცდას.