რა ვნახოთ ბათუმის კინოფესტივალზე

ბათუმის მეთვრამეტე საერთაშორისო კინოფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება.

ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, მაინც ჩატარდება. ბათუმის მერიამ და აჭარის განათლების სამინისტრომ უარი განაცხადეს „ბიაფის“ დაფინანსებაზე, ამიტომ, როგორც ჩანს, წლევანდელ ფესტივალს მასშტაბური სახე არ ექნება. ამას დაემატა პრობლემა, რომლის გადაუწყვეტელობა აუცილებლად აისახება ფესტივალის შინაარსსა და პროგრამის ხარისხზე. ევროპელი კინოგამქირავებლები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც აგრძელებენ რუსულ კინოკომპანიებთან ურთიერთობას. საქართველო კი, სადაც ფილმის გამქირავებელი კომპანია არ არსებობს, ისევ მიბმულია რუსულ სივრცეზე. შესაბამისად, კინოფესტივალის ორგანიზატორები იძულებულები არიან დამორჩილდნენ იმ წესებს, რომლებსაც რუსები ადგენენ. თუკი, მაგალითად, რუსეთში რომელიმე ევროპული ფილმის პრემიერა წლის ბოლოსაა დაგეგმილი, შემოდგომაზე საქართველოს კინოთეატრებში ფილმის ჩვენება იკრძალება. მაშინაც კი, როცა ფესტივალის ორგანიზატორები მზად არიან ითანამშრომლონ რუსეთის კინოგაქირავებასთან.

მიუხედავად ამისა, ბათუმის ფესტივალის ორგანიზატორებმა იყოჩაღეს და კინოს მოყვარულებს საინტერესო პროგრამა მოუმზადეს. მეტიც, კონკურსის ჩატარებაზეც არ თქვეს უარი. წელს მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში ათი, ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში 20 ფილმი იქნება წარდგენილი. საქართველოში პირველად უჩვენებენ ელენე ნავერიანის ფილმს „შაშვი შაშვი მაყვალი“ და თინათინ ყაჯრიშვილის ახალ ნამუშევარს „მოქალაქე წმინდანი“, რომლის პრემიერა ზაფხულში კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე გაიმართა. ტრადიციულად, „ბიაფი“ მართავს „ქართულ პანორამას“ და აგრძელებს ურთიერთობას CINEDOC-თან, ახალი დოკუმენტური ფილმების კონკურსით. ასევე წელს დაგეგმილია უკრაინული ფილმების ჩვენებაც. თუმცა, ცხადია, კინოს მოყვარულებს ყველაზე მეტად ბათუმის ფესტივალის პოპულარული პროგრამა „დიდოსტატთა კოლექცია“ აინტერესებთ. ეს სელექცია გვაცნობს ხოლმე დიდ ფესტივალებზე, მთელი წლის განმავლობაში ნაჩვენებ ფილმებს და წარმოდგენას გვიქმნის მსოფლიო კინოს პროცესებზე. პროგრამაში რამდენიმე კარგი ფილმია, რომელთა ნახვას გირჩევთ ბათუმის ფესტივალზე. ასე რომ, შეეცადეთ, არ გამოტოვოთ.

„სრულყოფილი ციფრები“, რეჟისორი ქშიშტოფ ზანუსი

5-წლიანი დუმილის შემდეგ 84 წლის ქშიშტოფ ზანუსი გადასაღებ მოედანს დაუბრუნდა. პირველი პროფესიით - ფიზიკოსი, პოლონური და მსოფლიო კინოს კლასიკოსი, ახალ ფილმში იხსენებს თავისი შემოქმედების მთავარ თემას - მეცნიერების „რელიგიურობას“, მათემატიკოსი-პოეტის სახეს და ღმერთის ძიებას თანამედროვე სამყაროში. თქვენ თვითონ განსაჯეთ, რამდენად მიაღწია ზანუსიმ ადრეული ფილმების მხატვრულ დონეს და შეადარეთ ვეტერანის კინო 70-იან წლებში გადაღებულ მის შედევრებს „კრისტალის სტრუქტურა“, „ოჯახური ცხოვრება“, „ილუმინაცია“, რომლებიც ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ.

„მშრალი ბალახების შესახებ“, რეჟისორი ნური ბილე ჯეილანი

კანის წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი (მსახიობი მერვე დიზდარი დაჯილდოვდა პრიზით ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის) დააინტერესებთ ე.წ. ნელი კინოს მოყვარულებს. ჯეილანი ეხება სრულიად განსხვავებულ თემებს - სექსუალურ ძალადობას, კორუფციას, ტერორიზმს, საკუთრებას, ქალის სხეულის რეპრეზენტაციას, ბუნების იდუმალებას. რეჟისორი, ისევე როგორც თავის წინა ფილმებში, ერთგვარად თამაშობს ორაზროვნებაზე, რასაც ემატება ხედვის წერტილთა მუდმივი ცვლა - გარემოს ხან მთავარი გმირის, ანატოლიის ერთი სოფლის მასწავლებლის თვალით ვუყურებთ, ხანაც ვემიჯნებით მას. პირადად მე, ცოტა არ იყოს, მაღიზიანებს ჯეილანის სურვილი, მოხიბლოს პუბლიკა ფორმალისტური სვლებით და პათეტიკით (განსაკუთრებით სამსაათიანი ფილმის ფინალში), მაგრამ ფაქტია - „მშრალი ბალახების შესახებ“ გამორჩეული ავტორის ახალი ნამუშევარია, რომელიც ტარკოვსკის და ქიაროსთამის შედევრებს გაგახსენებთ.

„ღმერთის ძახილი“, რეჟისორი კიმ კი-დუკი

დიდი კორეელი რეჟისორი ვერ მოესწრო ფილმის პრემიერას ვენეციის ფესტივალზე - კიმ კი-დუკი 2020 წელს ლატვიაში, კოვიდის გართულების შემდეგ გარდაიცვალა. „ღმერთის ძახილი“ ყირგიზეთშია გადაღებული და ნაკლებად რადიკალური და პროვოკაციულია კიმ კი-დუკის სხვა ფილმებთან შედარებით. თუმცა ამ პატარა შავ-თეთრ ფილმში კორეელი რეჟისორი საყვარელ თემებს არ ღალატობს - სიყვარული, ვნება, სიძულვილი, სიკვდილი ისევ გადაჯაჭვულია და წარმოდგენილია როგორც აბსოლუტურად განუყოფელი მთლიანობა.

„მოტაცებული“, რეჟისორი მარკო ბელოკიო

წლევანდელი კანის ფესტივალის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რომლის აკადემიურმა ფორმამ არ უნდა მოგატყუოთ და იტალიური კინოს ვეტერანის ეს ახალი ნამუშევარი „დრომოჭმულად“ არ უნდა აღიქვათ. ებრაელი მამის ბრძოლა 7 წლის შვილისთვის, რომელიც რომის პაპის ჯარისკაცებმა გაიტაცეს, თანდათან გადაიზრდება პოლიტიკურ დაპირისპირებაში იუდეველებსა და კათოლიკეებს შორის. კოსტიუმირებული ფილმი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის იტალიას აღადგენს, ფინალისკენ ემსგავსება კინოოპერას, ბელოკიოსთვის ჩვეული ირონიით და „გაუცხოების ეფექტით“.

„კრიტიკული ზონა“, რეჟისორი ალი აჰმადზადე

ეს ფილმი ცენზურის ნებართვის გარეშე მოხვდა ლოკარნოს წლევანდელი კინოფესტივალის პროგრამაში და შეფასდა როგორც ირანის რეჟიმის მხილება, როგორც „კვაზიდოკუმენტური სახე“ ტოტალიტარული სისტემისა, რომელმაც აქტიურ ცხოვრებას ჩამოაშორა ათასობით ადამიანი, მარგინალური ჯგუფები... რეალობა, რომელსაც გამოხატავს რეჟისორი, ღამის ეს თეირანი, ნარკომანებით და დილერებით, მე პირადად არასდროს მინახავს კინოში. როგორც ჩანს, ირანელი რეჟისორები დროდადრო უარს ამბობენ მათთვის ჩვეულ ესთეტიზმსა და სურათოვნებაზე და სტილის შეცვლას ცდილობენ.

„მწვანე საზღვარი“, რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი

ფილმი აღინიშნა ვენეციის კინოფესტივალის სპეციალური პრიზით და კრიტიკოსთა გამოკითხვაში ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ისინიც კი, ვინც აგნეშკა ჰოლანდისგან ახალს არაფერს ელოდნენ, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ პრემიერის შემდეგ. მოქმედება აქ ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე ხდება ჰუმანიტარული კრიზისის დროს, რომელმაც უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. თუმცა „მწვანე საზღვრის“ ეპილოგი უკვე უკრაინის ომს ეხმაურება. შესაძლებელია, ჰოლანდის ნამუშევარი ყველაზე „ადეკვატური“ და ყველაზე აქტუალური ფილმია ვენეციის წლევანდელ კონკურსში. ვერაფერს გეტყვით, „მწვანე საზღვარი“ გამოვტოვე და ბათუმის კინოფესტივალის მაყურებელთან ერთად ვნახავ.

„ბიაფის“ პროგრამაში ეს ყველაზე ახალი ფილმია. მისი პრემიერა 23 სექტემბერს გაიმართება.