საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, შოვში 3 აგვისტოს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებს ერთჯერადად 20 ათას ლარს გადასცემენ. ამის შესახებ მან თქვა დღეს, 15 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
იმავე ოდენობის თანხას მიიღებენ გურიაში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო დაღუპულთა ოჯახები.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის. თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით", - თქვა ღარიბაშვილმა.
განვითარებული მეწყრული პროცესების გამო:
- შოვში 32 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე ეძებენ ერთი არასრულწლოვანის ცხედარს;
- გურიაში 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მოზარდი იყო.
პრემიერმა ასევე თქვა, რომ იმ ოჯახებს, რომლებსაც გურიაში მეწყრული პროცესების შედეგად დაუზიანდათ ან დაენგრათ სახლები და იმ ადგილზე ცხოვრება შეუძლებელია, სახელმწიფო ან კომპენსაციას მისცემს, ან ალტერნატიულ საცხოვრებელს უყიდის.
"მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მოვაგვარებთ მათ პრობლემებს", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.