საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციის დაწესების თემაზე ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ფარცხალაძე კერძო პირია და სახელმწიფო სტრუქტურებთან კავშირი არ აქვს. ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან.
„ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არა აქვს, ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რომელიც დაკავშირებული არის რუსეთის დასანქცირებასთან. შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია, იმისთვის, რომ გაერკვეს, ზუსტად რაზე არის საუბარი. ზოგადად რუსეთის მიმართ სანქციებს რაც შეეხება, საქართველო ამ სანქციებს მიჰყვება შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ იყოს დაშვებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერი ვერ პასუხობს შეკითხვას, რომელიც ეხება „ეფესბეს" ოფიცერთან ერთან საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას. „ვერ გეტყვით, ჩვენს შესაბამის უწყებებს ექნებათ ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა, მათ შორის - ამერიკელ კოლეგებთან, რაზე არის საუბარი. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია იქნება ცნობილი", - თქვა მან.
ასევე ნახეთ ბლინკენი ფარცხალაძეს უწოდებს ქართველ-რუს ოლიგარქს, რომელიც „ეფესბემ" გამოიყენა ქართულ პოლიტიკაზე ზემოქმედებისთვისაშშ-მა სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ბიზნესმენს და სხვა სფეროს წარმომადგენელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა ხელი შეუშალოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წვდომას ტექნოლოგიებსა და ფინანსურ არხებზე, რომლებიც უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ეხმარება. სანქციების ამ სიაში მოხვდა ოთარ ფარცხალაძე.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. ამავე ტერმინს იყენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის განცხადებაში.
„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფესბემ" გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ. ის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.
დოკუმენტის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან-დეკემბრამდე.
2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას, თავს დაესხნენ. მთავარი აუდიტორი ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ თავდასხმა უკავშირდებოდა მის სამსახურებრივ მდგომარეობას.
ყოფილი მთავარი პროკურორი რამდენიმე დღეში, პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ დაკითხეს საგამოძიებო უწყებაში. საბოლოოდ, 2021 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პროკურორი გაამართლა.
2022 წლის სექტემბერში უკრაინამ ფარცხალაძე ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან ასოცირებული 15 ადამიანის სიაში დაამატა. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) მხარდაჭერილ ვებგვერდზე „ომი და სანქციები“ ეწერა, რომ ფარცხალაძე არის „საქართველოს სახელმწიფოს ოლიგარქიული მმართველობისა და ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მონაწილე“, მილიარდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის "ნდობით აღჭურვილი პირი".
5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.