ბლინკენი ფარცხალაძეს უწოდებს ქართველ-რუს ოლიგარქს, რომელიც „ეფესბემ" გამოიყენა ქართულ პოლიტიკაზე ზემოქმედებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას აქვეყნებს უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრასთან დაკავშირებით 150-ზე მეტი ბიზნესმენისა და სუბიექტისთვის სანქციების დაწესების შესახებ. სიაში მოხვდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

როგორც ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი ქმედების ფარგლებში, აშშ-ის მთავრობა მიზანში იღებს პირებსა და სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან სანქციების თავის არიდებასა და გვერდის ავლაში, მათ, ვინც ხელს უწყობს რუსეთს, რათა ჰქონდეს უნარი, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის მომავალი ენერგეტიკული წარმოების გაძლიერებაზე.

ბლინკენის განცხადებაში დაზუსტებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ სუბიექტსა და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგეტიკული წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებაში, რუსეთის მეტალის და სამთო სექტორებში ოპერირებაში და რუს ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს ხელს უწყობდნენ საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებაში.

სახელმწიფო მდივანი განცხადებაში ცალკე გამოყოფს ოთარ ფარცხალაძის საკითხს და მას ქართველ-რუს ოლიგარქს უწოდებს.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფესბემ" გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. გარდა ამისა, დეპარტამენტი განსაზღვრავს უამრავ სუბიექტს, რომლებიც აწარმოებენ და ასრულებენ რუსული იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

პარალელურად, სახაზინო დეპარტამენტი აწესებს თითქმის 100 სანქციას რუსეთის ელიტასა და მის ინდუსტრიულ ბაზაზე, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ტექნოლოგიების მომწოდებლებზე, მათ შორის „ვაგნერის" ჯგუფის ერთი ოფიციალური პირის მიმართ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის მავნე საქმიანობის განვითარებისთვის.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები გაერთიანებულნი არიან, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკანონო ომის ფონზე. „ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენიც დასჭირდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე ნახეთ ოთარ ფარცხალაძეს აშშ-მა სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ. ის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე.

2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. მთავარი აუდიტორი ყოფილი მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ თავდასხმა უკავშირდებოდა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას.

ყოფილი მთავარი პროკურორი რამდენიმე დღეში, პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ დაკითხეს საგამოძიებო უწყებაში. საბოლოოდ, 2021 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პროკურორი გაამართლა.

2022 წლის სექტემბერში უკრაინამ ფარცხალაძე ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან ასოცირებული 15 ადამიანის სიაში დაამატა. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) მხარდაჭერილ ვებგვერდზე „ომი და სანქციები“ ეწერა, რომ ფარცხალაძე არის „საქართველოს სახელმწიფოს ოლიგარქიული მმართველობისა და ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მონაწილე“, მილიარდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის "ნდობით აღჭურვილი პირი".

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.