აშშ-მა დააწესა ახალი სანქციები, რომელთა მიზანია, აღარ მოხდეს ადრე დაწესებული იმ სანქციებისთვის თავის არიდება, რომლებიც შემოღებული იყო იმისთვის, რომ რუსეთს ხელი არ მიუწვდებოდეს უკრაინაში ომის წარმოებისთვის საჭირო დასავლურ ტექნოლოგიებზე.
აშშ-მა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ აწესებს სანქციებს 150-ზე მეტი იურიდიული და კერძო პირის მიმართ რუსეთიდან თურქეთამდე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებამდე და საქართველომდე, რათა შეეცადოს, აღიკვეთოს არსებული სანქციებისთვის თავის არიდება და კრემლის წვდომა ტექნოლოგიაზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე, რომლებიც ასაზრდოებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ომს უკრაინაში.
სანქციების ეს პაკეტი სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ის მიმართულია კერძო პირების და კომპანიების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყანაში - მათ შორის ნატოს წევრ თურქეთში - რომლებიც ახორციელებენ რუსეთისთვის დასავლური ტექნოლოგიის მიყიდვას, რაც შესაძლოა, მისი საომარი ძალისხმევის გასაძლიერებლად იყოს გამოყენებული.
სანქციების ამ პაკეტში მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტშია ნათქვამი, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისა თუ საქმიანობისთვის.