უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით დასახლებული პუნქტი ანდრეევკა გაათავისუფლეს. მე-3 ცალკეული შემტევი ბრიგადის სარდლობამ კი ოფიციალურად უარყო ეს ინფორმაცია და მას "ცრუ და ნაადრევი" უწოდა.
"მთავარი ბრძოლები ანდრეევკის, კურდიუმოვკის, კლეშჩეევკის რაიონებში გრძელდება. და ჩვენ იქ კარგი ამბავი გვაქვს. ანდრეევკა ჩვენია. ჩვენ ვამაგრებთ პოზიციებს", - ამბობს მალიარი.
მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით შეიარაღებული ძალები წინსვლას განაგრძობენ. ჩრდილოეთ ფლანგზე მოწინააღმდეგე დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს.
”და სამხრეთში ჩვენ წარმატებით მივიწევთ წინ", - წერს მალიარი ტელეგრამ-არხში.
11 სექტემბერს მალიარმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ბახმუტის მიმართულებით კლეშჩეევკისა და ანდრეევკის რაიონებში, გასულ კვირას მათ მოახერხეს ამ მიმართულებით 2 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, 11 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა წინ წაიწიეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში და დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის რაიონში. უკრაინის არმიამ ამ მიმართულებებით კონტრშეტევა 2023 წლის ივნისიდან დაიწყო.