"ბავშვის განვითარების ინსტიტუტის" ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მუშაობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებით გამოეხმაურა. ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსში არის განთავსებული.
ომბუდსმენი სერვისის მიწოდების უწყვეტობაზე აკეთებს აქცენტს. იგი ხაზს უსვამს „შშმ ბავშვთა ადრეული განვითარებისა და რეაბილიტაციის აუცილებლობას მათი უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის პროცესში. ამგვარი სერვისების უწყვეტობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შესაბამისი საჭიროების მქონე არასრულწლოვანებისთვის და მათი შეწყვეტა ქმნის რეაბილიტაციის შედეგად მიღწეული შედეგების დაკარგვის საფრთხეს", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სერვისის მიმწოდებლებს და ყველა პასუხისმგებელ პირს მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციართა, მათ კანონიერ წარმომადგენელთა და მომსახურების განმახორციელებელ თერაპევტთა დროული და სრულყოფილი ინფორმირება როგორც მომსახურების შეწყვეტის მიზეზების, ისე შესაბამისი ალტერნატივების თაობაზე. ამასთან, უზრუნველყონ პროცესის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების კანონიერ წარმომადგენელთა არსებითი მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და შესაბამისი კონსულტირების საფუძველზე, აბილიტაციის/რეაბილიტაციის სერვისის უწყვეტად მისაწოდებლად.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით უკვე დაიწყო ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მიერ მიწოდებული სერვისის შეწყვეტის საკითხის შესწავლა და აღნიშნავს, რომ მანდატის ფარგლებში განახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას.
ასევე ნახეთ „ექსპლუატაცია არის საფრთხის შემცველი" - ილიაუნის C კორპუსში მდებარე "ბავშვის განვითარების ინსტიტუტი" ახალ სივრცეს ეძებსთბილისში, ჭავჭავაძის N32-ში მდებარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი, რომელშიც 50 აუდიტორია და "ბავშვის განვითარების ინსტიტუტი" იყო განთავსებული, ექსპლუატაციისთვის საფრთხის შემცველია. დასკვნაში, რომელიც შპს „მშენ-ექსპერტ+-მა" ილიაუნის დაკვეთით მოამზადა, ასევე ვკითხულობთ, რომ „შენობა არ აკმაყოფილებს სეისმდეგი მშენებლობის მოთხოვნებს, ავარიულია".
ილიას უნივერსიტეტის კანცლერმა ქეთი ლაკირბაიამ თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის", მათი ბენეფიციარებისა და სპეციალისტების სხვა სივრცეებში გადანაწილების მიზნით. მან დააზუსტა, რომ „ბავშვის განვითარების ინსტიტუტს" სჭირდება სპეციფიკური სივრცეები, მაგალითად, სენსორული და თერაპიის ოთახები, ამიტომაც მუშაობა ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში ვერ ხერხდება.
„სხვადასხვა მხარეებთან მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი ბენეფიციარების და სპეციალისტების ინტერესების გათვალისწინებით, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ მოხდეს მათი გადანაწილება", - თქვა ილიაუნის კანცლერმა.
ამ თემაზე განცხადება გაავრცელა "ბავშვის განვითარების ინსტიტუტმაც":
„ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შესაბამის ცენტრებთან, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ოპტიმალურად მოხერხდეს ჩვენი ინსტიტუტის ყველა ბენეფიციარისა და სპეციალისტის გადანაწილება ანალოგიური სერვისების მიმწოდებელ ცენტრებში".