ტვერის ოლქში უკრაინულმა დრონმა იერიში მიიტანა რუსეთის ქარხანაზე, რომელიც სარაკეტო საწვავს აწარმოებს. რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კონაკოვოს რაიონში. რუსული ტელეგრამის არხების თანახმად, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები დაეცა რედკინოს საცდელი ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც აწარმოებს საწვავს ავიაციისა და რაკეტებისთვის.
ირწმუნებიან, რომ „სამეცნიერო-საწარმოო ცენტრ სპეცნეფტპროდუქტის“ მიერ იჯარით აღებული საწყობის ტერიტორიაზე დაზიანებულია ცარიელი ავზი და ჩამსხვრეულია მინები, ხანძარი არ გაჩენილა და საწვავი არ დაღვრილა.
ამასთან, „RBC-უკრაინის“ წყარომ მთავარ სადაზვერვო სამმართველოში წარმატებული თავდასხმის შესახებ განაცხადა. „დღეს დარტყმა განხორციელდა ტვერის ოლქში რედკინოს ექსპერიმენტულ ქარხანაზე. იქ იწარმოება საავიაციო საწვავი დეცილინი. ეს იყო უპილოტო საფრენი აპარატის იერიში. დარტყმა მიზანს მოხვდა და არის ზარალი“, - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
12 სექტემბრის ღამეს უკრაინამ ანექსირებულ სევასტოპოლზე თავდასხმა განახორციელა რაკეტებითა და საზღვაო დრონებით. თავდასხმის შედეგად დაზიანდა დიზელსა და ელექტროდენზე მომუშავე წყალქვეშა ნავი „როსტოვი“ და დიდი სადესანტო გემი „მინსკი“.
უკრაინული დრონების თავდასხმები რეგულარულად ხდება რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმების ფონზე. რუსეთი ყოველდღე ესვრის რაკეტებს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 6,5 ათასზე მეტი რაკეტა და 3,5 ათასი კამიკაძე დრონი გამოიყენა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, დარტყმების აბსოლუტური უმრავლესობა სამოქალაქო ობიექტებზე მოდის.