„ექსპლუატაცია არის საფრთხის შემცველი" - ილიაუნის C კორპუსში მდებარე "ბავშვის განვითარების ინსტიტუტი" ახალ სივრცეს ეძებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, C კორპუსი

თბილისში, ჭავჭავაძის N32-ში მდებარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი, რომელშიც 50 აუდიტორია და "ბავშვის განვითარების ინსტიტუტი" იყო განთავსებული (რომლითაც 300 ბავშვი სარგებლობს), ექსპლუატაციისთვის საფრთხის შემცველია. დასკვნაში, რომელიც შპს „მშენ-ექსპერტ+-მა" ილიაუნის დაკვეთით მოამზადა, ასევე ვკითხულობთ, რომ „შენობა არ აკმაყოფილებს სეისმდეგი მშენებლობის მოთხოვნებს, ავარიულია".

დასკვნა მედიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას შემდეგ მიაწოდა, რაც ბენეფიციარი ბავშვის მშობელმა გვანცა გულიაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ცენტრის მუშაობის საკითხზე 13 სექტემბერს მიაწოდეს ინფორმაცია.

„შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარებს. გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ორი საათის წინ, ვიგებთ, რომ ცენტრი იხურება, - აღნიშნა გულიაშვილმა და დაამატა, - ამას გვიცხადებენ სწავლის დაწყების წინა დღეს და ასზე მეტ აუტისტ ბავშვს ტოვებენ თერაპიების გარეშე. აგიხსნით ეს რას ნიშნავს: დიაბეტის მქონე ადამიანისთვის ინსულინის შეწყვეტას, მართვით სუნთქვაზე მყოფისთვის აპარატის გათიშვას, თირკმლის უკმარისობის მქონისთვის დიალიზის არ გაკეთებას, ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის ქცევით თერაპიებს უწყვეტენ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც ამ თერაპიების გარეშე წაერთმევათ სიმწრით გამომუშავებული ყველა სოციალური, ყოფითი, კვებითი, ქცევითი, აკადემიური უნარი! ისინი ამ თერაპიების გარეშე აღმოჩნდებიან საკუთარ მდგომარეობასთან პირისპირ სრულად უძლურები, მშობლების ანაბარა, რომლებისთვისაც წარმოუდგენელია თავი გაართვან ამ ყველაფერს, აქ აღარაფერს დავწერ მათი უმეტესობის უკიდურეს სიდუხჭირეზე".

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი

შენობის საკითხზე მედიის შეკითხვებს უპასუხა ქეთი ლაკირბაიამ, ილიას უნივერსიტეტის კანცლერმა, რომელიც ამბობს, რომ მიღებული დასკვნის გამო, სტუდენტები უკვე გადანაწილდნენ ილიას უნივერსიტეტის სხვა კორპუსებში და სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს ჩვეულებრივ დაიწყება.

რაც შეეხება "ბავშვის განვითარების ინსტიტუტს", მათ ბენეფიციარებსა და სპეციალისტებს, ლაკირბაიას თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სივრცეებში მათი გადანაწილების მიზნით. მან დააზუსტა, რომ "ბავშვის განვითარების ინსტიტუტს" სჭირდება სპეციფიკური სივრცეები, მაგალითად, სენსორული და თერაპიის ოთახები, ამიტომაც მუშაობა ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში ვერ ხერხდება.

„სხვადასხვა მხარეებთან მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი ბენეფიციარების და სპეციალისტების ინტერესების გათვალისწინებით, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ მოხდეს მათი გადანაწილება", - თქვა ილიაუნის კანცლერმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი

"ბავშვის განვითარების ინსტიტუტის" ახალ შენობაში გადასვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ილიაუნის კანცლერის თანახმად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორთან. „სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. გარწმუნებთ, რომ უმოკლეს ვადებში შევეცდებით, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ, რაც შესაძლებელი იქნება. ცხადია, ბენეფიციარებისა და სპეციალისტების ინტერესების გათვალისწინებით", - აღნიშნა მან.

შეკითხვას ბენეფიციარი ბავშვების მშობლებთან რატომ არ შედგა კომუნიკაცია, ქეთი ლაკირბაიამ უპასუხა: „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის" ბენეფიციარებთან დაგეგმილი არის შეხვედრები და ეს შეხვედრები მიმდინარეობს. დღეს [13 სექტემბერს] იყო შეხვედრები და საღამოსაც დანიშნული იყო შეხვედრა".

ამონარიდი შპს „მშენ-ექსპერტ +-ის" დასკვნიდან

ქეთი ლაკირბაია ამბობს, რომ დასკვნა აგვისტოში მიიღეს: „პირველი, რაც გავაკეთეთ, დავიწყეთ იმის გარკვევა, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა შენობის გამოყენება დატვირთვის შემცირებით, შესაძლებელი იყო თუ არა მცირე სივრცეში ხალხის განთავსება. ვინაიდან ეს არ დასრულებულა და ილიას უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი უკვე იწყება 25 სექტემბერს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მათ შორის უსაფრთხოების მიზნით, რომ სასწავლო და კვლევის პროცესი, მათ შორის "ბავშვის განვითარების ინსტიტუტი", სხვადასხვა სივრცეებში გადავანაწილოთ".

გარკვეული არ არის, შენობას რა ბედი ელის. „ეს იქნება რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია თუ ნაწილობრივ შეკეთება ამ შენობის, ისე გამყარდეს, რომ და მისი გამოყენება იყოს შესაძლებელი, ამაზე პასუხი ამ წუთას არ გვაქვს. ამიტომაც ვცდილობთ, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს და სასწავლო პროცესი ამ შენობიდან გავიტანოთ", - თქვა ლაკირბაიამ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, C კორპუსი

ილიაუნის კანცლერის განცხადებით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, გეგმური მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შენობას პრობლემები ჰქონდა. შემდეგ კი შენობისთვის ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს.

ქეთი ლაკირბაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი

"ბავშვის განვითარების ინსტიტუტის" თემაზე განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ. როგორც ის აღნიშნავს, მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის" პროგრამის ფარგლებში, ცენტრში მომსახურებას 82 ბენეფიციარი იღებს და საჭიროების შემთხვევაში, სურვილისამებრ, მათ მერიის სხვა ცენტრებში გადაანაწილებენ.