უკრაინამ თითქმის დაასრულა თავისი ენერგოსისტემის რემონტი, მას შემდეგ, რაც გასულ ზამთარში რუსეთმა დარტყმები მიაყენა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, და ის მზადაა ზამთრის შესახვედრად. ამის შესახებ 13 სექტემბერს განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენელმა.
„დავაყენეთ ყველა დაგეგმილი მოწყობილობა და მზად ვართ ზამთრის დატვირთვისთვის“, - განუცხადა ეროვნულ ტელევიზიას სახელმწიფო ენერგეტიკული ქსელის ოპერატორის, „უკრენერჰოს“ ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ კუდრიცკიმ.
რუსეთი ზამთარში გამიზნულად ახორციელებდა რაკეტებითა და დრონებით იერიშებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით გეგმურად თიშავდნენ ხოლმე დენს ელექტროენერგიის ეკონომიისთვის. ამის გამო ქალაქებსა და დაბებს საათობით უწევდათ ხოლმე სიბნელეში ყოფნა.
კუდრიცკის თქმით, ამ ზამთარშიც არსებობს იმის „მაღალი რისკი“, რომ ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის წინააღმდეგ ახალი იერიშები განხორციელდება, მაგრამ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ამჟამად ბევრად უფრო მძლავრია შარშანდელთან შედარებით.
კუდრიცკიმ თქვა, რომ ენერგოსისტემის სწრაფმა რემონტმა და დასავლელი პარტნიორების მიერ გამოგზავნილმა აღჭურვილობამ შესაძლებელი გახდა ამ სექტორში ვითარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
როგორც „უკრენერჰოს“ ხელმძღვანელმა თქვა, წელს რემონტის ტემპები ექვსჯერ-შვიდჯერ უფრო სწრაფი იყო, ვიდრე რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე 2022 წლის თებერვალში.