"სიკვდილით მოვაჭრე" ვიქტორ ბუტმა მანდატი მოიპოვა რუსეთის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში

ვიქტორ ბუტი პატიმრობის დროს აშშ-ში

ვიქტორ ბუტმა - იარაღით ვაჭრობის გამო მსჯავრდადებულმა, რომელმაც თითქმის ათწლეული დაყო აშშ-ის ციხეში, სანამ პატიმართა გაცვლის ოპერაციით დააბრუნებდნენ რუსეთში - მანდატი მოიპოვა ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში, იუწყებიან ოფიციალური პირები.

ბუტი გახდა რუსეთის მეორე მოქალაქე, რომელიც აშშ-ის ციხეში იხდიდა სასჯელს და შემდეგ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს - მანამდე, 2021 წელს, რუსეთის პარლამენტში მოხვდა მარია ბუტინა.

ულიანოვსკის რეგიონულმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ბუტი რეგიონულ საკრებულოში პარტიული სიით აირჩიეს. ის რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია.

ბუტი რუსეთის უშიშროების ყოფილი ოფიცერია. მისი სახელი ცნობილი გახდა იარაღის და სხვა კონტრაბანდის მსოფლიოს გარშემო გადაზიდვებით 1990-იან და 2000-იან წლებში, რის გამოც "სიკვდილით მოვაჭრე" უწოდეს. ბუტი 2008 წელს ტაილანდში დააპატიმრეს, რის შემდეგაც მისი ექსტრადიცია განხორციელდა შეერთებულ შტატებში, სადაც ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს აშშ-ის მოქალაქეთა დახოცვის შეთქმულებაში. იმ პერიოდში, როცა თავის 25-წლიან განაჩენს აშშ-ის ციხეში იხდიდა, რუსეთი სისტემატურად ცდილობდა ბუტის ჩართვას რუსეთის საპატიმროებში მყოფი აშშ-ის მოქალაქეთა გაცვლის ოპერაციებში.