ქუთაისის და ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებებში არეულობის შესახებ ცნობას ომბუდსმენი არ ადასტურებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი

ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება. ის არეულობის შესახებ ცნობას არ ადასტურებს.

„აღნიშნულ დაწესებულებებში იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ამ დროისთვის რამე არეულობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში გადაამოწმოს ყველა ინდივიდუალური შემთხვევა", - აცხადებს ომბუდსმენი.

12 სექტემბერს რამდენიმე ადვოკატმა თქვა, რომ პატიმართა ნაწილმა ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში თვითდაზიანება მიიყენა, რადგან დაწესებულების შიდა პოლიტიკას აპროტესტებს.