იუწყებიან, რომ ირანთან პატიმართა გაცვლის შეთანხმებით, ბლინკენმა ხელი მოაწერა სანქციების მოხსნას 6 მილიარდი დოლარის ქონებაზე

ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხელი მოაწერა სანქციების მოხსნას, რათა გათავისუფლდეს ირანის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონება, რომელიც სამხრეთ კორეიდან კატარში გადაირიცხება, როგორც ნაწილი პატიმართა გაცვლის ოპერაციისა აშშ-სა და ირანს შორის. სააგენტო "ასოშიეიტედ პრესის"(AP) ცნობით, კონგრესს ამის შესახებ 11 სექტემბერს შეატყობინეს. ამავე დღეს უფრო ადრე თეირანი იუწყებოდა, რომ არსებობდა მოლოდინი, რომ პატიმართა გაცვლის შეთანხმება მალე გაფორმდებოდა.

ირანის და აშშ-ის წარმომადგენლებმა გასულ თვეში გამოაცხადეს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას ხუთი ამერიკელის - ხუთივე ირანისა და აშშ-ის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს - შინაპატიმრობაში გადაყვანაზე ევინის ციხიდან. საჯაროდ ცნობილია ხუთიდან მხოლოდ სამის სახელები - სიამაკ ნამაზი, ემად შარღი და მორად თაჰბაზი.

აშშ უარს აცხადებს თანხის დაკონკრეტებაზე - ამბობს, რომ ეს არაა აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფული და არც "გამოსასყიდი".

AP-ის ცნობით, ბლინკენმა ხელი მოაწერა ერთიან ნებართვას საერთაშორისო ბანკებისთვის, რომლებმაც უნდა გაათავისუფლონ ირანის გაყინული ქონება. სააგენტოს თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია სანაცვლოდ დასთანხმდა ირანის ხუთი მოქალაქის გაშვებას აშშ-ის საპატიმროებიდან.