პატიმრობაში მყოფი 68 წლის დავით მიქელაძე ქუთაისში, ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში 11 სექტემბრის დილით გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის ახლობლის განმარტებით, მას გული და მაღალი არტერიული წნევა აწუხებდა. იგი ხშირად გადაჰყავდათ სამედიცინო დაწესებულებაში, მორიგი შეტევის დროს კი პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაიცვალა.
„ბუნებრივია, ძალიან ნერვიულობდა თავის მდგომარეობას, ციხეში ყოფნას და ამანაც თავისი გავლენა იქონია“, - აღნიშნა ოჯახის ახლოებლმა. მისივე თქმით, პატიმარს სასჯელის მოხდა რუსთავში, მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში სურდა.
დავით მიქელაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 6 ივლისს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
„ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.
მომხდარზე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში რადიო თავისუფლებას პასუხი არ მიაწოდეს, „პატიმრის პერსონალური ინფორმაციის“ არგუმენტით.
სახალხო დამცველის აპარატში განაცხადეს, რომ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ, ვინაიდან „პატიმრის ოჯახს არ მიუმართავს“.