ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩავიდა რუსეთში, სადაც შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. აშშ-ის წარმომადგენელთა თქმით, პუტინს უკრაინაში შეჭრილი თავისი ძალების გაძლიერების მიზნით შესაძლოა, სურდეს იარაღის და საბრძოლო მასალების მიღება.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti ავრცელებს კიმ ჩენ ინის ჩასვლის კადრებს - სააგენტოს თანახმად, ვლადივოსტოკის რკინიგზის სადგურიდან. მანამდე ჩრდილოეთი კორეა იტყობინებოდა, რომ ქვეყნის მეთაური რუსეთში გაემგზავრა პერსონალური, დაჯავშნილი მატარებლით და მის დელეგაციაში შედიან მმართველი პარტიის, მთავრობისა და არმიის წარმომადგენლები.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 12 სექტემბერს დაადასტურა, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთშია, თუმცა არ უთქვამს, სად ჩავიდა ის.
პუტინი ვლადივოსტოკშია და ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. პესკოვის თქმით, ორი ლიდერის შეხვედრა ვლადივოსტოკის ფორუმის შემდეგ შედგება და ასევე გაიმართება სადილი კიმ ჩენ ინის პატივსაცემად.
კიმ ჩენ ინი რუსეთში პუტინის მიწვევით ჩავიდა.