რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვლადივოსტოკში ეკონომიკურ ფორუმზე პირველად გააკეთა კომენტარი თავისი ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, ანატოლი ჩუბაისის, რუსეთიდან წასვლის შესახებ. ჩუბაისი გახდა ყველაზე მაღალი რანგის რუსი ჩინოვნიკი, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ დატოვა ქვეყანა. "რატომ აკეთებს ამას, არ მესმის. გაიპარა“, - თქვა პუტინმა 12 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.
"მე მაჩვენეს ფოტოები, სადაც ის აღარ არის ჩუბაისი, არამედ ვიღაც მოშე იზრაილოვიჩი და სადღაც იქ ცხოვრობს“, - აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ შესაძლოა, ჩუბაისის რუსეთიდან წასვლა უკავშირდებოდეს რთულ პროცესებს „როსნანოში“, რომელსაც იგი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. „იქ არის დიდი ხვრელი, უზარმაზარი ფინანსური ხვრელი. დიდი რიცხვებია“, - განაცხადა პუტინმა, რომლის თანახმად, ჩუბაისს შეიძლება ეშინოდეს, რომ ეს გამოიწვევდა "სისხლის სამართლის საქმეების გაჩენას".
ჩუბაისი რუსეთის ყველაზე მაღალი რანგის მოხელეა, რომელმაც თანამდებობა დატოვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება, რომ ის 22 მარტს სტამბოლში ნახეს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩუბაისი ცხოვრობდა კვიპროსში და ისრაელში რეპატრიანტის დოკუმენტები მიიღო.
სწორედ ანატოლი ჩუბაისის სახელთან არის დაკავშირებული პუტინის პოლიტიკური კარიერის აღზევება 1990-იან წლებში. ამტკიცებენ, რომ ჩუბაისმა მოაწყო რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ბორის ელცინის ადმინისტრაციაში. მალე პუტინი გახდა რუსეთის უშიშროების სამსახურის (FSB) დირექტორი და რუსეთის პრეზიდენტის მემკვიდრე.