შეერთებულმა შტატებმა 11 სექტემბერს გააფრთხილა ჩრდილოეთი კორეა, თავი შეიკავოს რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაბიჯისგან და შემდგომი სანქციებით დაემუქრა ფხენიანს მას შემდეგ, რაც კრემლმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდება „უახლოეს დღეებში“.
კრემლმა მოახლოებული ვიზიტის შესახებ მას შემდეგ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რაც მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ კიმი საგანგებო მატარებლით გაემგზავრა რუსეთში, პუტინთან სამიტზე. მიმომხილველები ამას აფასებენ, როგორც მსოფლიოში იზოლირებული ორი ქვეყნისა და ლიდერის მზარდი დაახლოების მორიგ ნიშანს.
ჩრდილოეთი კორეა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებმაც რუსეთს ღიად დაუჭირეს მხარი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისას. გასულ კვირაში პუტინმა პირობა დადო, რომ „ყველა თვალსაზრისით გააფართოებენ ორმხრივ ურთიერთობებს გეგმაზომიერად, ერთობლივი ძალისხმევით“.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს იქნება სრულმასშტაბიანი ვიზიტი, რომლის მიზანია, „გაგრძელდეს ჩვენი მეგობრობის გაძლიერება“ და „საჭიროების შემთხვევაში“ შეიძლება მოიცავდეს „ერთი ერთზე“ შეხვედრას.
შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან „დიდი შეცდომა“ იქნებოდა რუსეთისთვის იარაღის მიწოდება უკრაინაში გამოსაყენებლად. ვაშინგტონმა გააფრთხილა ფხენიანი, რომ ეს „ძვირად დაუჯდება“.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იარაღის ასეთი მიწოდება დაარღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალრიცხოვან რეზოლუციებს და აშშ „უყოყმანოდ შემოიღებს სათანადო ახალ სანქციებს“.