ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა შეეძლებათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 11 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ შესაბამის ცვლილებას დღეს მოაწერს ხელს.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, წამახალისებელი იქნება მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში.
მინდა ვთქვა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები - ევროპაში, ამერიკაში, ყველგან. ჩვენ პირდაპირი ფრენებიც გვაქვს. მქონდა ჩინეთის პრემიერთან ტურიზმზეც და ფრენებზეც საუბარი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ განიხილება ჩინეთთან ფრენების დამატების საკითხიც. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჩინეთის მოქალაქეებს უვიზოდ საქართველოში ჩამოსვლა დღეიდან შეუძლიათ. რეგულაციები არ გამარტივებულა ჩინეთში საქართველოს მოქალაქეების მოგზაურობის დროს.
ჩინეთში ერთკვირიანი ვიზიტისას, 29 ივლისს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და მასთან ერთად გამოაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან.
ასევე ნახეთ საქართველომ და ჩინეთმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებანალიტიკოსების ერთი ნაწილი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გადაწყვეტილებას საქართველოს მხრიდან საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილების მორიგ დასტურად აღიქვამს, მეორე კი - დასავლელი პარტნიორების „დაშანტაჟების“ მცდელობად.