ონში მისასვლელი გზა ჩაინგრა

საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთი

რაჭაში, ონში, მისასვლელი გზა რამდენიმე საათია [დაახლოებით 11:00 საათიდან] ჩანგრეულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ გზის სავალ ნაწილზე ბზარები გაიზარდა და დაზიანებული ნაწილის ხელოვნურად ჩამოშლის გადაწყვეტილება მიიღეს.

"ისევ ჩამოიშალა გზა ონიდან საჩხერისა და ქუთაისის მიმართულებით. გზა პარალიზებულია", - ამბობს ნოდარ ბურდილაძე, რომელმაც ფოტომასალა გაავრცელა ფეისბუკზე.

საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთი

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მათთვის არ არის ცნობილი, როდის აღდგება მოძრაობა. უწყების ცხელ ხაზზე ამბობენ, რომ გზის დაზიანება გამოიწვია იმ ქანების გადაადგილებამ, რომლებზეც ის არის მოწყობილი. თბილისიდან და ქუთაისიდან რაჭაში წამსვლელ მოქალაქეებს გადაადგილება ზუდალამდე შეუძლიათ.