გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში იმყოფებოდა 2023 წლის მაისშიც

დღეს დილით, წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

სააგენტო DPA-ს ცნობით, ბერბოკი უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით გაემგზავრა. „უკრაინა მამაცურად და მტკიცედ იცავს ყველა ჩვენგანის თავისუფლებას“, - განაცხადა კიევში ჩასულმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინას შეუძლია კვლავაც ჰქონდეს გერმანიის დახმარების იმედი.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს უკრაინაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეოთხე ვიზიტია. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, წინასწარ არ გავრცელებულა ცნობა, რომ ბერბოკი კიევში მიემგზავრებოდა. გასულ კვირაში უკრაინაში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.