ამერიკული მედია ისევ წერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მცდელობაზე, პატიმრობიდან დაიხსნას ჩეჩენი მებრძოლების ერთ-ერთი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში გასამართლებული ვადიმ კრასიკოვი. რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.
გამოცემა The Wall Street Journal-ი დასავლეთის ქვეყნებში საკუთარ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინმა უსაფრთხოების საკითხებში მთავარ მრჩეველს, პატრუშევს ჯერ კიდევ 2021 წელს დაავალა რუსეთში მყოფ პატიმრებში კრასიკოვის გაცვლის შესაძლებლობის შესწავლა. გამოცემის წყაროთა თანახმად, მას შემდეგ მოსკოვმა კრასიკოვის შესაძლო გაცვლის საკითხი დააყენა პატიმრების გაცვლის თემაზე აშშ-სთან მოლაპარაკებისას. საუბარია აშშ-ის მოქალაქეებზე, რუსეთში ჯაშუშობისთვის გასამართლებულ ყოფილ სამხედროზე, პოლ უილანზე, რომელსაც 16 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი და გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩზე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით 2023 წლის მარტში დააკავეს.
ამერიკული გამოცემის წყაროთა ცნობით, განიხილება დასავლეთის ქვეყნებში გასამართლებული რუსების და რუსეთში მსჯავრდადებული უცხოელების მრავალმხრივი გაცვლის საკითხი, მათ შორის ისეთი დისიდენტების, როგორიც ალექსეი ნავალნია.
Wall Street Journal-ის წყაროთა თანახმად, პუტინი დაინტერესებულია მხოლოდ კრასიკოვის გათავისუფლებით. მისი შესაძლო გაცვლა დიდ წინააღმდეგობას წააწყდება გერმანიაში.
რუსეთის მცდელობაზე, კრასიკოვი პატიმრობიდან დაიხსნას, ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში იუწყებოდა ტელეკომპანია CNN-ი.
ასევე ნახეთ CNN: რუსეთი აშშ-ისგან ითხოვს, პატიმართა გაცვლამ მოიცვას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირისაქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა „ტერორიზმის" ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვია.
2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავე რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოქმედებდა და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში მისი მონაწილეობის გამო.
ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო დატოვა მასზე 2015 წელს თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რომელიც დღემდე გამოუძიებელია.