მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მიაღწია შეთანხმებას რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. მას რუსეთიდან მიაწვდიან წითელი ჯვრის გზით და რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლით. პირველი სატვირთო მანქანები მთიან ყარაბაღში დღეს, 10 სექტემბერს უნდა მიემგზავრებიან.
რადიო თავისუფლების როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური სამსახურების ცნობით, ტრანსპორტისთვის გამოყენებულ იქნება აზერბაიჯანის ქალაქ აღდამზე გამავალი გზა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ ჰაჯიევმა განმარტა, რომ აღდამის გავლით ტრანსპორტირება ცალკე ხელშეკრულებით რეგულირდება. ასევე განიხილება ჰუმანიტარული მარაგებისთვის ლაჩინის დერეფნის გახსნის შესაძლებლობა. ის ერთადერთი გზაა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.
ჰაჯიევმა თქვა, რომ მთიანი ყარაბაღის შესასვლელთან ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი და საგუშაგო აგრძელებს მუშაობას და ყველა ჰუმანიტარული ტვირთის განბაჟება აზერბაიჯანის წესების შესაბამისად უნდა მოხდეს.
ერთი დღით ადრე, შაბათს, მთიანი ყარაბაღის პარლამენტმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალ მეთაურად აირჩია სამველ შაჰრამანიანი. აზერბაიჯანმა ამ გადაწყვეტილებას „ფიქციური და უკანონო“ უწოდა და პარლამენტის დაშლა მოითხოვა.
ლაჩინის დერეფანი 15 ივნისიდან გადაკეტილია. რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა კრიტიკულთან ახლოსაა: აღინიშნება საკვების, საწვავისა და მედიკამენტების დეფიციტი. ყარაბაღელები ამბობენ, რომ შიმშილის ზღვარზე არიან, ბენზინის ნაკლებობის გამო ტრანსპორტი არ მუშაობს.
აზერბაიჯანი უარყოფს ბლოკადის მოწყობაში ბრალდებებს. ბაქომ ერევანი დაადანაშაულა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის იმ ტერიტორიაზე რომელსაც სომხეთის ხელისუფლება აკონტროლებს, მას გადაჰყავს სამხედრო მოსამსახურეები, გადააქვს იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე ბაქო ერევანს ბრალს სდებს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული ფასეულობების უკანონო გატანაში.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლის მიხედვით აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკური სომხები არიან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო ვერ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის არც სომხეთმა, არ აღიარა. 2020 წლის შემოდგომაზე, მოკლევადიანი ომის შედეგად, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების თანახმად, რამაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში იყო ოკუპირებული სომხური ჯარების მიერ. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.