რუსეთის 80-ზე მეტ რეგიონში, სადაც ამ თვეში სხვადასხვა დონის არჩევნები ტარდება, 10 სექტემბერს კენჭისყრის ერთიანი დღეა. რიგ რეგიონებში, სადაც ხმის მიცემას მრავალი დღე სჭირდება და პარასკევიდან გრძელდება, კვირა დასკვნითი დღეა.
მთლიანობაში, როგორც „ინტერფაქსი“ აღნიშნავს, საუბარია 4 ათასზე მეტ საარჩევნო კამპანიაზე. როგორც ჩანს, ეს მაჩვენებელი მოცემულია იმ კენჭისყრის გათვალისწინებით, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ამ დღეებში ატარებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ბულაევი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი კვირას ღამით დრონის იერიშის შედეგად განადგურდა. კიევს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ (ლსრ) პრორუსი ოფიციალური პირების თქმით, მოსკოვის დროით კვირას დილის 10 საათზე აქტივობა დაახლოებით 65% იყო. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საარჩევნო კომისიის თანამშრომლები კარდაკარ დადიოდნენ, ზოგჯერ სამხედრო მოსამსახურეების თანხლებით.
უკრაინის ხელისუფლებამ დაგმო რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ რაიონებში კენჭისყრის ჩატარება. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კიევი „მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დაგმონ რუსეთის უმნიშვნელო და თვითნებური ქმედებები და არ აღიარონ არავითარი ‘ადმინისტრაციის’ ლეგიტიმაცია, რომელიც შეიქმნება უკანონო არჩევნების შედეგად, ისევე როგორც ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნება მათ მიერ“.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ელა პამფილოვამ კვირას დილით განაცხადა, რომ „ზოგადად, არ არის ბევრი პრეტენზია არჩევნების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით“. საერთო ჯამში, ამ დროისთვის, მისი თქმით, მიღებულია 280-ზე ცოტა მეტი ასეთი მიმართვა, რომელთაგან 104 დაკავშირებულია მოსკოვში არჩევნებში ხმის მიცემის ხარვეზებთან, დანარჩენები დაკავშირებულია კამპანიის საკითხებთან, ხმის მიცემის ადგილის შესახებ ინფორმირებასთან, საარჩევნო უბნების აღჭურვასთან და დამკვირვებელთა უფლებების დაცვასთან. ისინი ერთეულების ხასიათს ატარებდნენ, აცხადებს ცესკოს ხელმძღვანელი.
როგორც რადიო თავისუფლების პროექტი Sibir.Realii წერს, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და მათ ახლობლებს აიძულებენ, მონაწილეობა მიიღონ ხაბაროვსკის მერის არჩევნებში. ამომრჩევლებს მოეთხოვებათ, ჰქონდეთ შევსებული ბიულეტენების ფოტოები. ამის შესახებ ხაბაროვსკის ტელეგრამის არხს ქალაქის ერთ-ერთი სპორტული დაწესებულების წყარომ განუცხადა. ნოვოსიბირსკის ოლქში, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის რეგიონული კომიტეტის პრესსამსახურმა მიიღო აუდიოჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ადგილობრივი ადმინისტრაცია სამგზავრო ავტომობილ „გაზელებს“ გადასცემს ნოვოსიბირსკის რეგიონის პირველ სამ სოფლის საბჭოს, რომლებსაც არჩევნებში ყველაზე მაღალი აქტივობა ექნებათ.
ამურის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კომიტეტი ივანოვოს მუნიციპალურ ოლქში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის შემთხვევაზე იუწყება. ჩიტის ინგოდინსკის რაიონის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მათ დაურეკეს და შესთავაზეს ხმის მიცემა კონკრეტული კანდიდატისთვის (მისი სახელი არ იყო მითითებული). პოლიციამ მიიღო საჩივარი დარღვევის შესახებ, აღნიშნავს Chita.ru.
დარღვევებზე წერს ტელეგრამის არხი „გოვორიტ ნემოსკვა“. ის იტყობინება საარჩევნო დარღვევებზე და ასახელებს დამკვირვებლების დაკავების შემთხვევებზე. მაგალითად, გელენჯიკში დააკავეს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის დამკვირვებელი ვალენტინა შოსტაკი და მას საარჩევნო კომისიის მუშაობაში ჩარევის ბრალი წაუყენეს. ომსკში პოლიციამ საარჩევნო უბნიდან ძალით გაიყვანა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ყოფილი დეპუტატი ივან ფელინი, რომელიც ცდილობდა ყურადღების მიპყრობას რეგიონის მოქმედი ხელმძღვანელის უკანონო კამპანიაზე.