Беларускі Гаюн-ის თანახმად, არსებითად შემცირდა ბელარუსში რუსი სამხედროების რიცხვი

ბელარუსისა და რუსეთის ერთობლივი სამხედრო მანევრები ბელარუსის ტერიტორიაზე. 10 თებერვალი, 2022 წელი

ბოლო ორი თვის განმავლობაში, ბელარუსში რუსი სამხედროების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, ქვეყნიდან გაყვანილია რუსული კონტინგენტი ე.წ. მოკავშირე სახელმწიფოს რეგიონული სამხედრო ძალებისა, რომელიც გასულ წელს იქნა განთავსებული.
ამის შესახებ იტყობინება მონიტორინგის სამეთვალყურეო პროექტი სახელწოდებით Беларускі Гаюн-ი (Belarusian Hajun project), რომელიც საკუთარ თავს სამხედრო მოქმედებების მეთვალყურეს უწოდებს.
მის ცნობებს ადასტურებს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური. "ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ივლის-აგვისტოში მოხდა ბელარუსში მყოფი რუსი სამხედროების მნიშვნელოვანი შემცირება", - წერს Беларускі Гаюн-ი. აღნიშნულია, რომ საველე ბანაკები ლიკვიდირებულია "ობუზ-ლესნოვსკის", "ლეპელსკისა" და "ოსიპოვიჩსკის" პოლიგონებზე, ხოლო სამხედროები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, რუსეთში გაემგზავრნენ, "და ეს არ იყო როტაცია".
კიევის შეფასებით, რესპუბლიკაში რამდენიმე თვის წინ 11 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ახლა იქ 2 ათასამდე რუსი სამხედროა დარჩენილი. Беларускі Гаюн-ი ამტკიცებს, რომ 600-მდე ადამიანი განლაგებულია მოზირის და ზიაბროვკის აეროდრომებზე, 1450-მდე - კომუნიკაციის ცენტრებში ბარანოვიჩსა და ვილეიკაში. ამას გარდა, დაახლოებით 100 ადამიანი მონაწილეობს მთავრობათაშორისი სამხედრო ალიანსის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, წვრთნებში.
ეს სამხედროები არ არიან რეგიონული სამხედრო ძალების შემადგენლობაში, ანუ რუსი სამხედროების რიცხვი ამ ძალების ბელარუსში განლაგებულ შემადგენლობაში, ნულამდე შემცირდა. ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს ოფიციალური კომენტარები არ გაუკეთებიათ.
როგორც Беларускі Гаюн-ი აღნიშნავს, გრძელდება ასევე კარვების დემონტაჟი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლების საველე ბანაკში, სოფელ ცელში. მათი რიცხვი თითქმის განახევრდა ივლისთან შედარებით. თუმცა, სამხედრო ტექნიკა ბანაკში არ შემცირებულა. დამკვირვებლების შეფასებით, ბელარუსში დაახლოებით 4 ათასი დაქირავებული მებრძოლი შეიძლება იყოს დარჩენილი.
ქვეყნის ტერიტორიაზე რამე გადაადგილება ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა.
ბელარუსი სამხედროები რუსეთის უკრაინასთან ომში არ მონაწილეობენ, მაგრამ ლუკაშენკას რეჟიმი რუსეთს ლოგისტიკურ და ტექნიკურ დახმარებას უწევს. კიევში არაერთხელ აღნიშნეს, რომ ვერ ხედავენ ბელარუსის მხრიდან უკრაინაში შეჭრის რეალურ საფრთხეს, ამ ქვეყანაში რუსული კონტინგენტის განთავსების მიუხედავადაც კი.
რასთან არის დაკავშირებული ბოლო ხანს რუსული ჯარების დიდი ნაწილის გაყვანა ბელარუსიდან - უცნობია.