საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ შვილთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. როგორც გიორგობიანი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრი აშშ-ში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე, ჩარტერული (კომერციული) რეისის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
„კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა საკუთარ შვილთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. ახალ სკანდალს ეძებენ, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც სკანდალური არაფერია. ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს არც კანონი დარღვეულა და არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა.
მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას", - დაწერა „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ნინო გიორგობიანმა.
2022 წლის 17 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა ნუნუკა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ცნობა, რომ მათი შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში ისწავლის.
პენსილვანიის უნივერსიტეტი ბენჯამინ ფრანკლინის დაფუძნებულია.