ბრიტანეთის მთავრობა „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ცენტრი სანქტ-პეტერბურგში

სავარაუდოდ, ბრიტანეთის მთავრობა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ მალე გამოაცხადებს ტერორისტულ ორგანიზაციად. ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ბრძანება ოფიციალურად უნდა შევიდეს ძალაში 13 სექტემბრიდან. ამ თარიღის შემდეგ „ვაგნერის“ ნებისმიერი მხარდაჭერა, მათ შორის მისი სიმბოლოების საჯაროდ ჩვენება, ბრიტანეთში სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება, რაც შეიძლება თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სუელა ბრავერმანმა „ვაგნერის ჯგუფს“ „სასტიკი და დესტრუქციული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის უცხო ქვეყნებში მოქმედებს როგორც ვლადიმირ პუტინის რუსეთის შეიარაღებული ძალა. უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში „ვაგნერის“ დაქირავებულები მონაწილეობდნენ ძარცვაში, წამებასა და „ბარბაროსულ მკვლელობებში“, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ისინი ტერორისტები არიან, ეს აშკარაა.“

ბრიტანეთში „ვაგნერის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეტანის შესაძლებლობას ბოლო თვეებში განიხილავენ. გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გამოცხადდა მას მერე, რაც რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენ „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ რამდენიმე მეთაური.

პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს, კონტროლი დააწესოს „ვაგნერთან“ დაკავშირებულ აქტივებზე აფრიკის ქვეყნებში, სადაც დაქირავებულები აქტიურად იმყოფებოდნენ, კერძოდ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა და ბურკინა ფასოში. ამ ქვეყნებს ეწვია რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს-ბეკ ევკუროვი. პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ უცნობია, რა ბედი ეწევა თავად კერძო სამხედრო კომპანიას, რომელიც რუსეთის კანონმდებლობით უკანონოა. მისი რამდენიმე ათასი მებრძოლი, როგორც ჩანს, კვლავ რჩება ბანაკში ბელარუსში, ვაგნერელები ასევე იმყოფებიან სირიაში და აფრიკის რიგ ქვეყნებში.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს არაერთხელ დასდეს ბრალი დანაშაულის ჩადენაში იმ ქვეყნებში, სადაც ისინი იმყოფებიან, მათ შორის უკრაინაში. ოთხშაბათს პროექტმა Gulagu.net გამოაქვეყნა ორი ყოფილი პატიმრის მონაყოლი, რომლებიც „ვაგნერმა“ დაიქირავა. ისინი ჰყვებიან, რომ ისინი უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს კლავდნენ პრიგოჟინისა და „ვაგნერის“ სხვა მეთაურების ბრძანებით. ომის პირობებში ყოფილი პატიმრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ოპერატიულად შემოწმება შეუძლებელია.