კიევზე სარაკეტო შეტევა იყო

რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანა 30 აგვისტოსაც

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევზე. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი პოპკოს ტელეგრამ-არხზე, ადგილობრივი დროით დილის 8 საათისთვის გამოქვეყნებული წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს სარატოვის ოლქიდან, სტრატეგიული ავიაციის Ту-95МС ტიპის თვითმფრინავებით და გამოყენებული იყო ფრთოსანი(Х-101, Х-555, Х-55) და ბალისტიკური რაკეტები. პოპკოს თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა სამიზნე გაანადგურეს. დაზუსტებულ მონაცემებს თავდაცვის ძალების სარდლობა გაავრცელებს.

კიევსა და კიევის ოლქში ადგილობრივი დროით 4:43 საათზე გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ბომბსაცავებსა და სხვა უსაფრთხო ადგილებში უნდა გადავიდნენ.

ასევე ნახეთ მსხვერპლი მოჰყვა ოდესის ოლქზე დრონებით თავდასხმას

გასულ ღამით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანა უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე. დაიღუპა 1 ადამიანი.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე დასახლებულ პუნქტში დაზიანებულია საპორტო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტები - ელევატორები, ადმინისტრაციული შენობები და აგროსაწარმოები.

იზმაილის რაიონი ოდესის ოლქის სამხრეთში, მდინარე დუნაიზე მდებარეობს. ამ რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურა უკრაინული ხორბლის და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. იზმაილის რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 3 და 4 სექტემბერსაც.