შარშან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას და რუსეთისა და უკრაინის არმიების იერიშებს მოჰყვა კასეტური ჭურვების გამოყენების „მკვეთრი“ ზრდა. ეს კიდევ უფრო უსვამს ხაზს, რომ საჭიროა, მეტი ქვეყანა შეუერთდეს ამგვარი იარაღის აკრძალვას, ამბობს ჯგუფი „კასეტური ამუნიციის კოალიცია“ (CMC), რომელიც კასეტური იარაღის წინააღმდეგ კამპანიას ეწევა.
ორგანიზაციამ 5 სექტემბერს გამოაქვეყნა თავისი წლიური ანგარიში კასეტური ამუნიციის გამოყენების შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს, სულ ცოტა, 1172 ადამიანი, რომელთაგან 95%-ს სამოქალაქო პირები შეადგენდნენ, კასეტურ ამუნიციას ემსხვერპლნენ ექვს ქვეყანაში: უკრაინაში, აზერბაიჯანში, ერაყში, ლაოსში, ლიბანში, მიანმარში, სირიასა და იემენში.
„მშვიდობიან მოსახლეობაში კასეტური ამუნიციის მსხვერპლის რაოდენობის შემაძრწუნებელი ზრდა შეგვახსენებს ამ საზიზღარი იარაღის დამანგრეველ ზემოქმედებას სამოქალაქო პირებზე, მათ შორის ბავშვებზე,“ განაცხადა „კასეტური ამუნიციის კოალიციის“ დირექტორმა თამარ გაბელნიკმა. „ყველა ქვეყანამ, რომელსაც ჯერ არ აუკრძალავს ეს იარაღი, დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ეს. შეუძლებელია მისი შემდგომი გამოყენების გამართლება.“