საქართველოს პარლამენტის შემოდგომის სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კოლეგებს ხევსურეთის უშუქოდ მცხოვრები სოფლების მცხოვრებლების ხმები მოასმენინეს. პირიქით და პირაქეთ ხევსურეთის 45 სოფლიდან დენით მხოლოდ 16 სოფელია უზრუნველყოფილი.
"მინდა ერთი ადამიანის ხმა მოგასმენინოთ, რომელიც შეგახსენებთ, რამდენად ტრადიციებზე ორიენტირებული, ევროპული სახელმწიფო გვაქვს" - ასე დაიწყო გამოსვლა პარლამენტში დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ. ხმა, რომელიც მან ჩართო სხდომათა დარბაზში აშექალ ჭინჭარაულს ეკუთვნოდა. ის მარტო ცხოვრობს ხევსურეთის ერთ-ერთ უშუქო სოფელში, სადაც წლების წინ 15 ოჯახი ცხოვრობდა.
"მარტოკა ვარ აემ სოფელში. გული მტკივა იმიტო რომ მინდა მეზობელი, მინდა ხალხი, მინდ რო ვიყვ, მაგრამ როგორ უნდა ვიყვ, ხო უნდა გავაგებინო ჩემ შვილებს რომ ცოცხალი ვარ. რაზე დავტენ ტელეფონი. აეს არის ცხოვრება? რა გახდა, რა გახდა ერთ მზის ბატარია. ან კიდე, ოთხი კილომეტრიც არ არის გუდანიდან, სწორე ხაზით, გზაზე, არსად გადახვევა არ უნდა, სტოლბებს უნდ ჩაყრა და რატო ვერ უნდა გააკეთან? თუ უნდა რო მთას დაუბრუნდეს ხალხი, აქ უნდა იყოს შუქი. სანამ ცოცხალი ვარ, ერთი შუქი ვნახო აქ ხახმატში გაკეთებული. ვიყო ერთი ორი წელი მაინც იმ შუქში" - ამბობს ქალი ჩანაწერში. ხათუნა სამნიძემ ჩანაწერის გაშვების შემდეგ კოლეგებს მოუწოდა, ჩავიდნენ და შეხვდნენ ადამიანებს, რომლებიც მარტივი პრობლემების მოგვარებას ითხოვენ სახელმწიფოს.
"როცა ვლაპარაკობთ ევროპულ ღირებულებებზე, ტრადიციების დაცვაზე, ქვეყნის დაცვაზე, საქართველოს დაცვაზე და ადამიანების კეთილდღეობაზე და არ უნდა უწევდეთ ადამიანებს ხვეწნა იმისთვის, რომ იცხოვრონ საკუთარ სახლში, იყვნენ იქ, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ და ჰქონდეთ ელემენტარული, შუქი და გზა. ყურადღება მიაქციეთ მთას და მთაში მცხოვრებ ადამიანებს" - ოპოზიციონერი დეპუტატის ამ მოწოდებას უკმაყოფილება მოჰყვა მმართველი პარტიის წარმომადგენელა შორის. ირაკლი ქადაგიშვილმა, "ქართული ოცნების" წევრმა, რომელიც მის შემდეგ გამოდიოდა სიტყვით, მას უთხრა რომ "ტურისტულად მოინახულა რაღაც." ქადაგიშვილის აზრით, ხათუნა სამნიძეს რომ სისტემატიურად ევლო საქართველოს რეგიონებში, დაინახავდა დინამიკას, როგორ ვითარდება ქვეყანა და უმჯობესდება ინფრასტრუქტურა.
"ცოტა ადრე გევლოთ საქართველოში, დაინახავდით, რომ ყველა დასახლებულ პუნქტში, სადაც მოსახლეობა მუდმივად ცხოვრობს, ელექტროენერგია მიყვანილია. სოფლებში, სადაც არასოდეს იყო გაზმომარაგება, გაზმომარაგება არის გაკეთებული. დაინახავდით, რომ სოფლებამდე, სადაც გზები არ მიდიოდა, გზები მიდის და სოფლის შიგნითაც მოასფალტებული გზებია. დაინახავდით დინამიკას და არ შექმნიდით სურათს, თითქოს ქვეყანაში არაფერი გაკეთებულა" - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. ქადაგიშვილის პასუხი კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განმარტებით, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მთავრობას არ აღელვებს ცალკეული ადამიანების ბედი.
"ბატონო ირაკლი, თქვენ უმრავლესობის სახელით გვითხარით, რომ ერთი და ოცი ადამიანის ბედი თქვენთვის არაფერია, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვხედავთ თურმე იმ აღმშენელობას, რაც ქართული ოცნების პირობებში წამოიწყეთ. წამოდით და ნახეთ, როგორი ტურისტულია ხევსურეთი, როცა არ გზა აქვს ამ ხალხს, არც განათება. იცით რას ითხოვენ ეს ხალხი. არა ფინანსურად ვინმეს დახმარებას, არამედ შუქს და გზას. ალბათ არც ის გეცოდინებათ, რომ ეს არის საზღვარი რუსეთთან და მოსახლეობის იქ დამაგრება არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც. სამი დღის მანძილზე ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის ენით აუწერელი პირობები, რაშიც ამ ხალხს აცხოვრებთ. იცით რას ითხოვენ ეს ადამიანები? ადგილობრივ გუშაგებად დარჩნენ და არ მოუწიოთ წამოსვლა" - ასე უპასუხა თეონა აქუბარდიამ კოლეგას მმართველი პარტიიდან. მან განმარტა, რომ ხევსურეთში არა მხოლოდ ელექტრონერგიით მომარაგების, არამედ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის და ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობის პრობლემაც არის.
ასევე ნახეთ ხევსურეთში გზა გადაკეტეს სოფლებში ელექტროენერგიის გაყვანის მოთხოვნით
"რატომ არ აქვთ ხალხს შუქი, როცა იქ ჰესებია აშენებული.
მესმის, რომ 20 ადამიანი ხმებს ვერ მოგიტანთ, მაგრამ საუბარია საქართველოზე, საქართველო არ ითვლება არც ხმების რაოდენობით და არც იმ ინტერესით, რასაც სამეფო კარის თამაშები ქვია" - თქვა თეონა აქუბარდიამ. მას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უთხრა, რომ თუკი როშკას, ანუ იმ სოფელს გასცდებოდა, სადაც ახლადაშენებული ჰესებია, ნახავდა რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში გაკეთდა გზა არხოტისკენ. ამ ხეობაში, სადაც სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და რომელიც რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება, საავტომობილო გზა არასოდეს მიდიოდა.
"ცოტა გამიკვირდა, ჩვენ ჩამოვიტანეთ ამ ადამიანების გულწრფელი ტკივილი. დიახ, პირველად ვიყავი ხევსურეთში, აღმოვაჩინე რაღაცეები და მინდა გაგიზიაროთ როგორც კოლეგებს. ვნახე არხოტის გზა, მართლა კარგია, მაგრამ იქ რომ გადავედით, მინდა მოგასმენინოთ სოფელ ჭიმღაში მცხოვრები ადამიანის ხმა" - ასე დაიწყო გამოსვლა პარლამენტში თამარ კორძაიამ. მან კოლეგებს არხოტის ხეობაში, სოფელ ჭიმღაში მცხოვრები კაცის სმა მოასმენინა.
“ჭიმღა ბოლო სოფელია, საქართველოს სულ ბოლო სოფელია. იქ ხედავთ, საზღვარია. 43 წელი შესრულდება, რაც აქ ვთიბავ. 43 წელი! შუქზეა საუბარი, ლამპაზეა საუბარი. მერე გზაზე. იქიდან რომ მოიტან ფქვილიან ტომარას და აექ წამოიღებ, წვიმამ რომ მოგისწროს, ცომად გექცევა, ცომად და ტალახად გექცევა და უნდა გადაყარო. ხო ფიქრობ, რომ თუკი ბოლო წერტილია, თუკი საზღვარია, თუკი ამის იქით საქართველო აღარ არის, რაღაც პატარა ყურადღება [უნდა მოგაქციონ], ვიღაც მხარში ხო უნდა ამოგიდგეს?! ისე კი არ უნდა მიყურო, როგორც ერთი ამომრჩეველი, გინდა ყოფილა, გინდა არა. 13 ოჯახს მოუსწრეს, ახლა სამი ადამიანი ვართ" - ისმის ჩანაწერში.
"აქ არის უზომო ტკივილი იმის გამო, რომ მისი სამშობლოს ეს ადგილი იცლება და იკარგება. ამ ადამიანმა თქვა, ამ ზამთარს 5 საათზე რომ დაღამდება, თოვლი ჩემს სახლს დაფარავს და მისთვის ყოველი ზამთარი სტიქიური უბედურებაა, შუქს ითხოვს, გზაც არ მოუთხოვია, რომ დავრჩეო. ეს ხომ არის გმირობა, რომ მოვკვდე დამმარხავიც არ მყავსო. ტელეფონი უნდა, რომ დაინახოს ვიღაც საზღვარზე გადმოვიდა, ვინმე სახელმწიფოს წარმომადგენელს დაურეკოს. შუქზე მეტად მას ის ადარდებს, რომ იცლება ეს სოფელი, ეს ადგილი" - განმარტა თამარ კორძაიამ იმ მოქალაქის პრობლემა, რომლის ჩანაწერიც მოასმენინა კოლეგებს.
"ჩავთვალეთ რომ სასარგებლოდ გაატარეთ ეს ზაფხული" - ასე შეაჯამა სამი დეპუტატი ქალის მცდელობა, მიეპყრო კოლეგების ყურადღება მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ადამიანების პრობლემებისკენ, პარლამენტის თავმჯდომარემ.
ხევსურეთში, სადაც მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება, ადგილობრივებმა ელექტროენერგიის მოთხოვნით 2023 წლის აგვისტოში გზა გადაკეტეს - დუშეთის მერი, მაცაცო ნარიმანიძე მათ ამერიკული ფონდებიდან თანხის მობილიზებას დაპირდა სოფლების ელექტროენერგიით მომარაგების პროექტისთვის. ადგილობრივები ამ დაპირებას უიმედოდ უყურებენ. საჯარო მოხელეები, ვინც ელექტროენერგიას ითხოვენ, აგვისტოში რადიო თავისუფლებასთან საუბრობდნენ მათი გაჩუმების მცდელობებზეც.
ასევე ნახეთ “ხო ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ასე ვცხოვრობთ?” - ხევსურეთში ელექტროენერგიის მოთხოვნით გზის გადაკეტვას აპირებენ