რუსეთი წელს არ გამართავს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს, რომლებსაც იცნობენ სახელით "ზაპადი" ("დასავლეთი") - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ. წვრთნა მიმდინარე თვეში უნდა ჩატარებულიყო.
"არა, წელს ჩვენ 'წვრთნა' უკრაინაში გვაქვს" - თქვა შოიგუმ 4 სექტემბერს, მას მერე, რაც რუსეთის ქალაქ სოჭში გაიმართა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა.
წვრთნები "ზაპადი" რუსეთმა ბოლოს 2021 წელს გამართა, მის მოკავშირე ბელარუსთან ერთად - ხუთი თვით ადრე მანამ, სანამ სრული მასშტაბით შეიჭრებოდა უკრაინაში.
რუსეთის არმიის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა "ზაპადის" გამართვის 2023 წლის გეგმა დეკემბერში გამოაცხადა.