მმართველი პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე ილაპარაკა. როგორც მდინარაძემ განმარტა, იმპიჩმენტის საკითხის აღძვრის შესახებ დოკუმენტაცია თავდაპირველად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა.
„ოთხშაბათამდე დასრულდება დოკუმენტების მომზადება და წარედგინება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც, თავის მხრივ, შეამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ, ამ დოკუმენტებს ჩვენ წარვუდგენთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნისთვის“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
როგორც დეპუტატი აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების გამოსატანად.
თუკი სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, ასი დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო, პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის. „ასი ხმა ჩვენ არ გვაქვს, თუმცა მაინც მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის დარღვევა პრეზიდენტის მიერ, უპრეცედენტო ამბავია და რეაგირების გარეშე არ უნდა გაატარო", - დაამატა მან.
ამასთან, მდინარაძეს შეუძლებლად მიაჩნია, პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მხოლოდ იმის გამო შეიწყალოს, რომ მას, შესაძლოა, ოპოზიციური პარტია დაემუქროს იმპიჩმენტის პროცედურის მხარდაჭერით.
„მიუხედავად ყველაფრისა, მე არ მგონია სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს ამ შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერენ. ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსი პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს. ანუ მოქმედი პრეზიდენტი იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით, ეს შეუძლებელია დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი. მიუხედავად იმისა, რაზეც უკვე წავიდა, - აღნიშნა მან და განაგრძო, - შეუძლებელია პოლიტიკოსი, ზოგადად, ადამიანი ასეთ რამეზე წავიდეს და თქვას: „ჩემი სკამის გულისთვის მე ვიწყალებ პრეზიდენტს“.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს (50 დეპუტატს). საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.
თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა თანამდებობის პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 დეპუტატი).
ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში 84 დეპუტატია.
ასევე ნახეთ "ოცნება" 100 მანდატის ძიებაში - იოლია თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაყენება?