კომპანია „კულა" აცხადებს, რომ რუსეთი არ წარმოადგენს მის სტრატეგიულ მიმართულებას

წარწერა „კულის" წვენის შეფუთვაზე.

„კულის" წვენის შეფუთვაზე დატანილი რუსული წარწერის გამო სოციალურ ქსელში გამოხატულ პროტესტს კომპანია განცხადებით გამოეხმაურა. ის რუსეთს ოკუპანტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „კირილიცას“ რუსეთის გარდა რამდენიმე ქვეყანა იყენებს.

„ჩვენ საერთაშორისო კომპანია ვართ და ქართული ენის გარდა, რაც უმთავრესია ჩვენთვის, სხვა ბევრ ენაზე გვიწერია ინფორმაცია ეტიკეტზე. მათ კი სურათები შეფუთვის მხოლოდ იმ ნაწილს გადაუღეს, რომელიც მეტ რეზონანს და სიძულვილს გამოიწვევდა და ეცადნენ ამით ქულები დაეწერათ. შეფუთვას დიდი ასოებით ვაშლი და APPLE აწერია. ეს ვერ დაინახეს და ახლა შეუძლიათ დანახვა.

რაც შეეხება „კირილიცას“, ეს ალფავიტი ოკუპანტი ქვეყნის გარდა, ოფიციალურად გამოიყენება უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სერბეთში, ჩერნოგორიაში, მაკედონიაში, ბოსნია ჰერცოგოვინაში და მონღოლეთშიც კი. ამ ქვეყნების უმეტეს ნაწილში ჩვენ ვახორციელებთ ექსპორტს", - აცხადებს კომპანია „კულა" [სტილი დაცულია].

კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული ვაშლის წვენი არასდროს გაუგზავნია რუსეთში და რუსეთი არ წარმოადგენს მის სტრატეგიულ მიმართულებას.

„კულის" განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალში შეფუთვიდან „კირილიცას" აუცილებლად ამოიღებენ.

„მათ ვინც მხარი დაგვიჭირა და გულითადი რჩვები მოგვცა, დიდ მადლობას ვუხდით და პირობას გაძლევთ, რომ შემდეგში აუცილებლად ამოვიღებთ „კირილიცას“ ჩვენი შეფუთვიდან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ იმ ენებზე, რომლებიც „კირილიცას" იყენებენ, ვაშლი მხოლოდ რუსულ ენეზეა Яблоко; უკრაინულად კი არის Яблуко, ბელარუსულ ენაზე - Яблык.