პუტინი და ერდოანი მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე მართავენ მოლაპარაკებებს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და რეჯეპ ტაიპ ერდოანი. სოჭი, 17 სექტემბერი, 2018.

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი, დღეს სოჭში გამართავენ მოლაპარაკებებს მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე, რომლიდანაც რუსეთი ივლისის შუა რიცხვებში გავიდა.

ეს იქნება ერდოანის პირველი ვიზიტი რუსეთში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და პირველი პირადი შეხვედრა ორ პრეზიდენტს შორის 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ.

კრემლი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კვლავაც მიიღოს მონაწილეობა შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე გარიგებაში, როდესაც დაკმაყოფილდება მოსკოვის მოთხოვნები რუსეთის სურსათის ექსპორტზე.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა გასულ კვირაში მოსკოვში ვიზიტისას, გაერომ თურქეთთან ერთად მოამზადა ახალი წინადადებები, რომლებიც შეიძლება გახდეს მარცვლეულის შეთანხმების განახლების საფუძველი.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აღნიშნა, რომ ახალი წინადადებები, რომლებიც გაეგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რუსული სურსათის ექსპორტსაც ეხება.

მარცვლეულის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სურსათის ექსპორტი წარმოებდა რუსეთის მიერ დაბლოკილი შავი ზღვის პორტებიდან, 2022 წლის ივლისში დაიდო. ოთხმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით. შეთანხმება ითვალისწინებდა პირობებს შავი ზღვის გავლით რუსეთისა და უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეუფერხებლად ექსპორტისთვის შუამავლების გარანტიით.

2023 წლის 17 ივლისს რუსეთი გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეთანხმებათა ნაწილი, რომლებიც რუსული სასუქებისა და სურსათის ექსპორტს ეხებოდა, არ შესრულდა.

18 ივლისს რუსეთის ჯარებმა დაიწყეს ოდესის რეგიონის რეგულარული დაბომბვა და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურება. ამასთან, დაბომბვის მიზეზად კრემლმა დაასახელა 17 ივლისის ღამეს ყირიმის ხიდზე თავდასხმა.

ივლისის ბოლოს The Wall Street Journal-ის წყაროები იტყობინებოდნენ, რომ პუტინი უგულებელყოფს ერდოანის თხოვნას მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებების შესახებ. გამოცემის თანამოსაუბრეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, შეთანხმებიდან მოსკოვის გასვლის მიზეზად დაასახელეს თურქეთის მიერ პოლკ „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში ექსტრადიციით პუტინის უკმაყოფილება. მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის დამცველები 2022 წლის გაზაფხულზე დანებდნენ და გაცვლის შედეგად ისინი სტამბოლში გადაიყვანეს. გაცვლის პირობების თანახმად, ისინი ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.