რეზნიკოვმა უკრაინის პარლამენტს აცნობა, რომ ტოვებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას

ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა პარლამენტს - ვერხოვნა რადას მიმართა განცხადებით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

დღეს, 4 სექტემბერს დილით, ოლექსი რეზნიკოვმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ეს გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების აღსასრულებლად და მზად არის ანგარიშის ჩასაბარებლად.

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის სახელზე დაწერილ, 4 სექტემბრით დათარიღებულ განცხადებაში, რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ სრულმასშტაბიანი ომის 550 დღის განმავლობაში გათავისუფლებულია ოკუპირებული ტერიტორიების 50%-ზე მეტი. ოლექსი რეზნიკოვი ხაზს უსვამს პარტნიორი სახელმწიფოებისგან იარაღის მიღებასა და ნატოსთან მაქსიმალურ დაახლოებასაც.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ 3 სექტემბერს, ღამით დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ მისი გადაწყვეტილებით, რეზნიკოვი დატოვებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. უკრაინის პრეზიდენტმა მიზეზად ის დაასახელა, რომ ოლექსი რეზნიკოვმა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გამოიარა და ახლა თავდაცვის სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე, მთლიანად საზოგადოებასთან.

ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, რეზნიკოვის შემცვლელად პარლამენტს წარუდგენს რუსტემ უმეროვს, რომელიც ამჟამად სახელმწიფო ქონების მართვის ფონდს ხელმძღვანელობს.

ინფორმაცია, რომ რეზნიკოვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, პირველად იანვრის ბოლოს გავრცელდა, რასაც წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება სამხედროთა კვებასთან დაკავშირებული კორუფციული სქემის შესახებ.