ოდესის ოლქზე ისევ დრონებით შეტევა იყო

რუსეთმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას დრონებით შეუტია 3 სექტემბერსაც

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ოდესის ოლქზე განახორციელეს მორიგი თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ და ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ მოსახლეობა 4 სექტემბერს, ადგილობრივი დროით ღამის 2 საათისთვის გააფრთხილეს, რომ რეგიონს დრონები უახლოვდება. გამოცხადდა საჰაერო განგაში.

შეტევა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთმა ოდესის ოლქს დრონებით შეუტია 3 სექტემბერსაც. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სამიზნე იყო საპორტო ინფრასტრუქტურა. დაიჭრა 2 ადამიანი. ერთ-ერთ ობიექტს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 25 ე.წ. დამრტყმელი დრონი, რომელთაგან 22 გაანადგურეს.