უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან გამართა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ლიდერებმა სხვა პრობლემებთან ერთად, განიხილეს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისა და შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
"დეტალურად განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება, თითოეული მიმართულება... განვიხილეთ შავ ზღვაში უსაფრთხოების სპეციფიკა, ჩვენი "მარცვლეულის დერეფანი", რომელიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა საზღვაო მარშრუტების დაცვის მიმართულებით", - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამის არხში.
მაკრონის პრესსამსახურს ამ საუბრის დეტალების შესახებ ცნობა ჯერ არ გაუვრცელებია.
2023 წლის 17 ივლისს რუსეთი გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეთანხმებათა ნაწილი, რომლებიც რუსული სასუქებისა და სურსათის ექსპორტს ეხებოდა, არ შესრულდა.
18 ივლისს რუსეთის ჯარებმა დაიწყეს ოდესის რეგიონის რეგულარული დაბომბვა და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურება. ამასთან, დაბომბვის მიზეზად კრემლმა დაასახელა 17 ივლისის ღამეს ყირიმის ხიდზე თავდასხმა.
მარცვლეულის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სურსათის ექსპორტი წარმოებდა რუსეთის მიერ დაბლოკილი შავი ზღვის პორტებიდან, 2022 წლის ივლისში დაიდო. ოთხმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით. შეთანხმება ითვალისწინებდა პირობებს შავი ზღვის გავლით რუსეთისა და უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეუფერხებლად ექსპორტისთვის შუამავლების გარანტიით.