რუსეთი სამხედრო სამსახურში უცხოელების გადაბირებას ცდილობს: ბრიტანეთის დაზვერვა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სულ მცირე 2023 წლის მაისიდან რუსეთის ხელისუფლება ასევე ცდილობდა ჯარში ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან გამოსული მიგრანტების მოზიდვას.

რუსეთის ხელისუფლება ცდილობს მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გადაბირებას უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად, წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა თავის ყოველდღიურ მიმოხილვაში.


ანგარიშის თანახმად, კერძოდ, ივნისის ბოლოს სომხეთსა და ყაზახეთში გავრცელდა ონლაინ განცხადებები რუსეთის არმიაში საკონტრაქტო სამსახურში გავლის მსურველთათვის. განცხადების ავტორები მსურველებს ჰპირდებოდნენ 495 ათასი რუბლის ერთჯერად გადახდას და მომავალში ყოველთვიური ხელფასის სახით 190 ათას რუბლს.

აქტიურები იყვნენ გადამბირებლები ყაზახეთის კოსტანაისკის ოლქში, სადაც ეთნიკური რუსების მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს.

ასევე, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სულ მცირე 2023 წლის მაისიდან რუსეთის ხელისუფლება ასევე ცდილობდა ჯარში ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან გამოსული მიგრანტების მოზიდვას. მათ ჰპირდებოდნენ მაღალი ხელფასს და ასევე რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული სახით. ამავე დროს, ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსეთის ხელისუფლებამ სავარაუდოდ უზბეკეთიდან ჩასულ მშენებლებს პასპორტები წაართვა და ჯართან კონტრაქტების გაფორმებას აიძულებდა.

"რუსეთს, ალბათ, სურს თავიდან აიცილოს მობილიზაციასთან დაკავშირებული შემდგომი არაპოპულარული ზომები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოყენება კრემლს საშუალებას აძლევს, მზარდი დანაკარგების ფონზე, მოიზიდოს დამატებითი ადამიანური რესურსი თავისი სამხედრო ოპერაციებისთვის ", - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში. ცნობაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რამდენი უცხოელის გადაბირება მოხერხდა რუსეთის სამხედრო სამსახურში.

ცოტა ხნის წინ უფლებადამცველებმა განცხადეს, რომ შუა აზიელ მიგრანტებს რუსეთში აიძულებენ კონტრაქტები გააფორმონ თავდაცვის სამინისტროსთან - იმ ფონზე, როცა კრემლი ცდილობს გაზარდოს თავისი შეიარაღებული ძალები, მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისთვის.

ასევე ნახეთ

უფლებადამცველები: რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ, მიგრანტებს თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებინებენ კონტრაქტებს

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მთავრობები თავიანთ მოქალაქეებს აფრთხილებენ თავი აარიდონ უცხოეთში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას, რადგან ეს ამ ქვეყნების კანონს არღვევს.