ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც „არღვევს კონსტიტუციას“.
მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან კონსულტაციებს არ აპირებს და არც „არავისთან ხვეწნას არ აპირებენ“.
„როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტს ოპოზიცია გადაეფარა“, - თქვა მან.
მისი თქმით, მმართველ პარტიაში იციან, რომ იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება, რადგან ოპონენტების რეაქციები ცნობილია.
„იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში აზრს ვერ ვხედავთ. მიგვაჩნია, რომ დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. ეს ჩვენი ვარაუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებულებებით გამყარდა - ყველა ამბობს, მხარს არ დავუჭერთო. რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა - ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში. არ ვაპირებთ მათთან კონსულტაციას და ხვეწნას - „იქნებ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მხარი დაგვიჭიროთ“. ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას“, - განაცხადა მდინარაძემ.
თუმცა მან ისიც განაცხადა, რომ ორშაბათს გაიმართება უმრავლესობის სხდომა, სადაც „50-ზე მეტი ხელმოწერა ექნებათ“:
„სამწუხაროა, ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი. "ქართული ოცნებისთვის" პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეპუტაციულად დაზიანებულია“, - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბიშვილსა და „ნაცლკასტერს დავალების საერთო მიმცემები ჰყავთ“.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.
საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვება, უახლოეს დღეებში დაიწყება, რისთვისაც 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.
საკონსტიტუციო სასამართლომ, ერთი თვის ვადაში პარლამენტს დასკვნა უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
ამ პროცესის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს აგრძელებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, 150-წევრიან საქართველოს პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში 84 დეპუტატი შედის, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.
ასევე ნახეთ "ოცნება" 100 მანდატის ძიებაში - იოლია თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაყენება?