ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბავშვები, რომლებიც რუსეთის ჯარმა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა, უკან დააბრუნეს.
მათგან ექვსი - მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვია. ყველაზე პატარა ორი წლისაა, ყველაზე უფროსი - 16 წლის.
ფონდ Save Ukraine-ის ინფორმაციით, რომელიც დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების პროცესში მონაწილეობს, ომის წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ამ 11 ბავშვის ჩათვლით, მათ მოახერხეს რუსეთში ან რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებზე დეპორტირებული 161 ბავშვის ქვეყანაში დაბრუნება.
უკრაინის ომბუდსმენის დმიტრი ლუბინეცის თქმით, ომის დროს უკრაინიდან რუსეთში 16 000-ზე მეტი ბავშვი იქნა დეპორტირებული.
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.
სასამართლოს განმარტებით, არსებობს „გონივრული საფუძველი“ ვიფიქროთ, რომ ამაზე პასუხისმგებელი პირადად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია.
რუსეთის ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ბავშვების წაყვანით ისინი მათ „დაბომბვისგან იხსნიან“. დაფიქსირდა რუსეთში ასეთი ბავშვების შვილად აყვანის შემთხვევებიც, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციებს.
ბავშვების დეპორტაციაში რუსეთს ბელარუსიც ეხმარება. ალიაქსანდრ ლუკაშენკას დავალებით, ეს ბავშვები, რუსეთის ფედერაციის გავლით, ბელარუსში მიჰყავთ, ვითომ „გამოჯანმრთელების მიზნით“.
ხოლო ბელარუსულ ბანაკებში მათი განსახლების ორგანიზებას ახორციელებს პროსამთავრობო აქტივისტის, ალექსეი ტალაის ფონდი, სს „ბელარუსკალის“ მხარდაჭერით.
ბელარუსმა დიპლომატმა, სახალხო ანტიკრიზისული დეპარტამენტის ლიდერმა პაველ ლატუშკომ, რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან ინტერვიუში, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბავშვები, რომლებიც ბელარუსში ჩადიან დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან, არასრულწლოვნები არიან - ექვსიდან 15 წლამდე. და მათი უმრავლესობა ობოლი და მარჩენალდაკარგულია.
„ეს ნიშნავს, - ხაზს უსვამს ლატუშკო, - რომ მხოლოდ ამ ბავშვებისთვის მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილ ორგანოს აქვს მათთვის გასვლის ნებართვის მიცემის უფლება და ის უკრაინაშია“.