დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყანას დაატოვებინებს რუსეთის დიპლომატებსა და საკონსულოს თანამშრომლებს. ამის შესახებ უწყებამ ოფიციალურად განაცხადა 1 სექტემბერს. კოპენჰაგენში დარჩენას შეძლებენ მხოლოდ ხუთი დიპლომატი და რუსეთის საელჩოს 20 ტექნიკური თანამშრომელი.
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიღებულ ზომებს უწოდა პასუხი რუსეთში დანიის დიპლომატიური კორპუსის ასეთსავე შემცირებაზე. სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვთან დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს იმაზე, თუ როგორ შეენარჩუნებინათ საელჩოების მუშაობა ორივე მხარეს, მაგრამ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწია. რუსეთის დიპლომატებს სამუშაოს შეწყვეტა და კოპენჰაგენის დატოვება მოუწევთ არაუგვიანეს 29 სექტემბრისა.
გარდა ამისა, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს მოსკოვმა არაერთხელ სცადა ვიზების გამოთხოვა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კოპენჰაგენი მიიჩნევს დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებად.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ ევროპის მრავალი ქვეყანა ამცირებს დიპლომატიურ ყოფნას რუსეთში. თავის მხრივ, მოსკოვიც ამცირებს დასავლეთის საელჩოებისა და საკონსულოების პერსონალს. ისლანდია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტოში მთლიანად გაყინა რუსეთში საელჩოს მუშაობა. გარდა ამისა, ბოლო დროს რეგულარულად ვრცელდება ცნობები დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით მოქალაქეების დაკავების შესახებ.