სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე შეტაკებების შესახებ იტყობინებიან

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი სოთქის რაიონში. 18 ივნისი, 2021.

ერევანმა განაცხადა რომ პარასკევს შუადღისას, აზერბაიჯანმა ცეცხლი განაახლა აღმოსავლეთ სომხეთში, გეღარქუნიკის ოლქში.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მცირე იარაღით ცეცხლი გახსნეს ნორაბაკის რეგიონში მდებარე სომხური პოზიციების მიმართულებით,“ - მოჰყავს „ინტერფაქსს“ ციტატა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებიდან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ ამტკიცებს, რომ სომხური მხარე საარტილერიო დარტყმებს აყენებს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქელბაჯარის რაიონში. ბაქო ასევე აცხადებს, რომ სომეხი სამხედროები აგროვებენ დამატებით აღჭურვილობას და ცოცხალ ძალას. ერევანში ამ ცნობებს უარყოფენ.

1 სექტემბერს, დილით, ორი ქვეყნის სამხედრო უწყებებმა განაცხადეს, რომ საზღვარზე შეტაკება მოხდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა თავისი ორი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვისა და კიდევ ერთი ჯარისკაცის დაჭრის შესახებ აზერბაიჯანის მიერ სომხური პოზიციების დაბომბვისას სოთქის მონაკვეთში, იმავე გეღარქუნიკის ოლქში.

ბაქომ განაცხადა, რომ დაჭრილია აზერბაიჯანის სამი ჯარისკაცი. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ორი ჯარისკაცი დაშავდა ქელბაჯარის რაიონში მის პოზიციებზე სომხური დრონის თავდასხმის შედეგად.

როგორც Deutsche Welle იტყობინება პარასკევს, აშშ-მა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაუშვან ჰუმანიტარული დახმარება თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სომხები არიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო. „ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ გაიხსნას ლაჩინის დერეფანი ჰუმანიტარული, კომერციული და სამგზავრო ტრანსპორტისთვის, შეთანხმებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალებები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის კრიტიკული ნივთების ტრანსპორტირებისთვის,“ - ნათქვამია აშშ-ის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში.

ლაჩინის დერეფანი სომხეთთან ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. ერევანი აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფანი გადაკეტილია აზერბაიჯანის სამხედროების მიერ, რაც აფერხებს ყარაბაღის მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ სომხეთი აგრძელებს ლაჩინის დერეფნის გავლით რეგიონისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. ბაქოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიაროს გამშვები პუნქტი და რეგიონში საკვები და აუცილებელი საქონელი შევიდეს.

2020 წლის შემოდგომაზე ხანმოკლე ომის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, რომელმაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან სომხური ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.

კონფლიქტის მხარეები კვლავაც ადანაშაულებენ ერთმანეთს საზღვრისპირა შეტაკებებში.