დედაქალაქის მერიის განცხადებით, თბილისში, კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების გამო თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 1, 2 და 3 სექტემბერს, 06:00-დან 12:00 საათამდე მიმოსვლა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან, გიორგი წერეთლის ქუჩის კვეთამდე.
მერია აღნიშნავს, რომ ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის გამოყენებით, ვერეს ხეობის მიმართულებით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გავლით.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, N531 მიკროავტობუსი და ავტობუსები: N301, N311, N334, N358, N383, N387, N388, N397 უნივერსიტეტის ქუჩიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შემდეგ კი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისკენ გადაადგილდებიან, გაივლიან ავალიშვილის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავიძის გამზირზე მოხვდებიან.
თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა 30 აგვისტოს თბილისში მოსული ძლიერი წვიმის დროს განაცხადა, რომ თამარაშვილის ქუჩაზე, ერთ კონკრეტულ ადგილზე ქვათაცვენა იყო.