სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს

ქვემო ნიქოზში აღმოჩენილი სამარხი.

შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში. არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს, აღმოჩენას უნიკალურს უწოდებს. ის აღნიშნავს, რომ შიდა ქართლში ასეთი დაცულობისა და ზომის შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი ჯერ შესწავლილი ყოფილა.

მეცნიერმა ახლად აღმოჩენილი სამარხის შესახებ დეტალურად ილაპარაკა. „ორი ხარი არის ჩატანებული ოთხთვალა საზიდრიანად (დასაკრძალავი ეტლი), რომლის დანიშნულებაც არის საიქიოში მოგზაურობა ტომის წარჩინებული წევრისა. [აღმოჩენილია] როგორც ჩანს, საგზლის წასაღებად გამზადებული ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებული იყო ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი პროდუქტები. გარდა ხარებისა, აქვე არის ცხვარი, მთლიანი ჩონჩხით, არის კიდევ სხვა მსხვილფეხა ცხოველის ჩონჩხი. აქვე არის ურმის ნაშთები... ერთ მეტრზე მეტი დიამეტრი სიგრძის მქონე თვლების. ვფიქრობთ, რომ ცენტრალურ ნაწილში უნდა იყოს დაკრძალული ის წარჩინებული პირი, რომელსაც ეს ყველაფერი მიაგეს, - თქვა გოგი მინდიაშვილმა და დაამატა, - ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, რას მოგვცემს ამათი აღდგენა, აღდგენის გარეშე ძალიან ძნელია რაღაცაზე ვილაპარაკოთ. შიდა ქართლში ამის მსგავსი სამარხი ჯერ აღმოჩენილი არ არის“.

არქეოლოგის შეფასებით, როგორც წესი, ასეთ სამარხებს უნდა ჰქონდეთ ყორღანული ყრილი. „ამ შემთხვევაში ჩვენ ვერსად ვერ დავაფიქსირეთ ეს, შეიძლება, ეს ახალი ელემენტი არის შიდა ქართლისთვის დამახასიათებელი, რომელიც განსხვავებული არის თრიალეთისა და მესხეთისგან", - აღნიშნა მან.

ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური გათხრები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, გორის მერიის დახმარებით მიმდინარეობს. ახალი აღმოჩენის შესახებ ცნობა და ვიდეო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა გამოაქვეყნა. „დიდი მადლობა, ცნობილ ქართველ არქეოლოგს, ბატონ გოგი მინდიაშვილს, რომლის შრომამ დიდი შედეგი მოიტანა. დიდი მადლობა არქეოლოგ ირაკლი სოზიაშვილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროექტშია ჩართული“, - დაწერა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე სოსიაშვილმა.