საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში შეხვედრებს ისე მართავს, რომ მას არ აქვს მთავრობის თანხმობა - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. "ქართული ოცნების" წევრმა ჟურნალისტებთან მიზეზებზე საუბრის დროს თქვა, რომ პრეზიდენტს პარლამენტში ქვეყნის ევროინტეგრაციის საზიანო მოხსენება ჰქონდა.
"სულ რომ ეს ქვეყანა და მისი ხელისუფლება რეკომენდაციებს შესაბამისად არ და ვერ ასრულებდეს, საქართველოს გულშემატკივარმა, საქართველოს მოქალაქემ, სტატუსის მიუხედავად, უნდა თქვას, რომ რეკომენდაციები სრულდება და საქართველო სტატუსს იმსახურებს, მითუმეტეს, როდესაც ეს მართლაც ასე ხდება... როდესაც საქართველოს მოქალაქე, ჟურნალისტი, პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, ამბობს, რომ არა არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, რეკომენდაციები არ არის შესრულებული, არ ვდგავართ ჩვენ სწორ გზაზე, ჩვენ ვადგავართ რუსეთის გზას, ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, ეს არის საბოტაჟი და სწორედ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის საქართველოს მთავრობის დაუთანხმებლობა დაკავშირებული", - თქვა მდინარაძემ.
რადიო თავისუფლება მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებში ცდილობს გაარკვიოს, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა თუ არა ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით და მიიღო თუ არა უარი.
საქართველოს პრეზიდენტს ბოლო საპარლამენტო მოხსენება 2023 წლის 31 მარტს ჰქონდა. მან ამ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა:
„რაც არ უნდა ეცადოთ - ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას და [ხან] რომელს მიმაწებოთ; ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები; ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა; ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს... მაინც ვერ შემცვლით ვერც მე, ვერც ჩემს მიზანს; ვერ შემცვალეთ და ასეც იქნება მომავალში“, - თქვა პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 31 აგვისტოს ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურ ვიზიტებში წასასვლელად მთავრობის დასტური სჭირდება. უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 14 მარტს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას უარი უთხრეს პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე.
ასევე ნახეთ პირველი უარი პრეზიდენტს - დოკუმენტი, რომლითაც პრემიერმა ზურაბიშვილს ოფიციალური ვიზიტის უფლება არ მისცა