გერმანია აპირებს საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს

გერმანიის მთავრობა აპირებს საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს, რაც გაუადვილებს თავშესაფარზე უარის შემდეგ მათი მოქალაქეების დეპორტაციას. DW-ს ინფორმაციით, ფედერალური მთავრობა დღეს, 30 აგვისტოს გეგმავს შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მხარდაჭერას.

მედიაჯგუფ Funke-ს გამოცემებთან ინტერვიუში ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის თითქმის ყოველი მეათე საქართველოდან და მოლდოვიდანაა ჩასული, ამ ქვენების უსაფრთხოდ აღიარება კი, ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის სწრაფად და ეფექტიანად შემცირებას. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა არგუმენტად მოიყვანა ისიც, რომ საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირის წევრობა სურთ და ამ ქვეყნებში, როგორც წესი, ადამიანებს არ ემუქრება პოლიტიკური ნიშნით დევნა.

ნენსი ფეზერის ინფორმაციით, გერმანია გეგმავს საქართველოსა და მოლდოვასთან გააფორმოს მიგრაციასთან დაკავშირებული შეთანხმებებიც, რაც გერმანიაში ჩასვლის მსურველებს მისცემს განათლების მიღების და მუშაობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს საქართველოსა და მოლდოვაში იმ მოქალაქეების სწრაფად დაბრუნებას, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვთ.

ასევე ნახეთ ირლანდიაში 8-ჯერ მეტი საქართველოს მოქალაქე ეძებს თავშესაფარს, ვიდრე უკრაინის

როგორც DW წერს, 2023 წლის პირველ ნახევარში, გერმანიამ საქართველოდან და მოლდოვიდან ჩასულების მხოლოდ 0,1%-ს დაუკმაყოფილა თავშესაფრის მიღების განაცხადი.

საქართველოსა და მოლდოვისთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ გერმანია შეძლებს განაცხადების დამუშავების პროცესის დაჩქარებას და ქვეყნიდან გაცილებით სწრაფად გაძევებას იმ პირებისა, რომლებიც თავშესაფარს ვერ მიიღებენ.