აშშ უკრაინას გადასცემს კიდევ 250 მილიონი დოლარის იარაღს

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. უკრაინელი სამხედროების წვრთნები ტანკსაწინააღმდეგო სისტემა Javelin-ის გამოყენებით

უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს კიდევ 250 მილიონი დოლარის იარაღს. პენტაგონის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტშია საჰაერო თავდაცვის საშუალებები და საარტილერიო საბრძოლო მასალები.

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ცნობით, უკრაინა მიიღებს AIM-9M ტიპის რაკეტებს საჰაერო თავდაცვისთვის, საარტილერიო ჭურვებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის HIMARS, 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს Javelin-ს, ცეცხლსასროლი იარაღის 3 მილიონზე მეტ ტყვიას და სხვა საშუალებებს.

პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 29 აგვისტომდე, აშშ-მა უკრაინას გაუწია 43 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.